LIVE

„იფიქრეთ შაქრიანი უალკოჰოლო სასმელების დაბეგვრაზე" - IMF-ის რეკომენდაციები

24 სექ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1189
„იფიქრეთ შაქრიანი უალკოჰოლო სასმელების დაბეგვრაზე" - IMF-ის რეკომენდაციები

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა საგადასახადო სისტემის მოდერნიზებაზე მუშაობს. ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დოკუმენტზე მუშაობას წლის ბოლოსთვის დაასრულებს.

IMF-ს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობასთან ერთად მუშაობენ საგადასახადო შეღავათების არსებული სისტემის შეცვლაზე და რიგ შემთხვევაში მათ შემცირებაზე. ამასთან საუბარია ახალი გადასახადების შემოღებაზეც.

„საშუალოვადიან პერიოდში საქართველომ ფისკალური დეფიციტის შემცირება უნდა უზრუნველყოს. ამისთვის კი რა თქმა უნდა მოიაზრება დანახარჯების შემცირება - პირველ რიგში იმ დანახარჯების, რომელიც პანდემიის მართვისთვის იყო მიმართული. ამასთან გარკვეული თანხის გამოთავისუფლება მოხდება კაპიტალური პროექტებიდანაც, რომლებიც ახლა მიმდინარეობს და დასრულდება. სახელმწიფოს დაეხმარება საწარმოების რეფორმაც. საშუალოვადიან პერიოდში კი შეგიძლიათ იფიქროთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა მაგალითად გარემოსდაცვითი გადასახადები - მათ შორის ე.წ. ნახშირბადის გადასახადი. შეგიძლიათ იფიქროთ დაწესებული შეღავათების შემცირებაზეც. შესაძლებელია აქციზის გადასახადის გადახედვაც, მაგალითად საკმაოდ ბევრ ქვეყანაში აქციზურ გადასახადს იხდიან ტკბილი შაქრიანი სასმელების მწარმოებლებიც - ის ჯანმრთელობისთვის ისევეა საზიანო, როგორც მაგალითად ალკოჰოლური სასმელი, რომელზეც ასევე არის დაწესებული აქციზური გადასახადი. როდესაც ვსაუბრობთ საშემოსავლო გადასახადზე - არსებული შეღავათების შემცირებით შესაძლებელია მეტი შემოსავლის მიღება“, - ამბობს სელიმ ჩაკირი და განმარტავს რომ საუბარი არ შეეხება არსებული გადასახადების ტვირთის შეცვლას, თუმცა თუკი მთავრობა ამ გზით წასვლას განიხილავს IMF-ის რეკომენდაცია ე.წ. პროგრესული გადასახადის შემოღებაა.

„ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ გადასახადების პირდაპირ ცვლილებაზე, თუმცა თუკი მსგავს ცვლილებას განიხილავს მთავრობა შესაძლოა დაფიქრება პროგრესულ საგადასახადო რეჟიმზეც - ეს კი ნიშნავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას, მაღალშემოსავლიანი ფენისთვის კი პირიქით გაზრდას - თუმცა მსგავსი საკითხი მთავრობასთან არ განგვიხილავს“, - ამბობს სელიმ ჩაკირი.