LIVE

პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენას უკრაინა კანონით შეზღუდავს

24 სექ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენას უკრაინა კანონით შეზღუდავს
Eduardo Munoz/Pool Photo via AP

უკრაინამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს, შეზღუდოს ოლიგარქების გავლენა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. კანონმდებლობა ხელს შეუშლის მდიდარ ადამიანებს, დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები ან მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო აქტივებისა და მსხვილი კომპანიების პრივატიზაციაში.

კანონპროექტი უკრაინის მოქალაქეებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც ოლიგარქები, თუ ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ აქტივებს და მედიასაშუალებებს. კანონი ასევე მოსთხოვს მაღალჩინოსნებს, ღიად განაცხადონ ოლიგარქებთან რაიმე სახის ურთიერთობის შესახებ.

უკრაინის პარლამენტის განცხადებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს “ეროვნული საფრთხეების თავიდან აცილებას, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პირთა გადაჭარბებულ გავლენასთან. კანონის მიზანია, დაძლიოს ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია პოლიტიკოსების, მედიისა და მსხვილი ბიზნესის შერწყმით”.

კანონმდებლობა, სავარაუდოდ, დააზიანებს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტსა და ტკბილეულის მაგნატს, პეტრო პოროშენკოს. ასევე, ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, რომელიც მხარს უჭერდა ვოლოდიმირ ზელენსკის 2019 წლის არჩევნებში და აკონტროლებს უკრაინის ყველაზე პოპულარულ ტელეარხს.

კანონის მიღებამდე 1 დღით ადრე კიევში პრეზიდენტის თანაშემწის მანქანა ჩაცხრილეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ მკვლელობის მცდელობა შეიძლება აღნიშნული რეფორმით იყოს გამოწვეული. პოლიცია დანაშაულის სავარაუდო მოტივად პოლიტიკურ მიზნებს განიხილავს.

ზელენსკიმ თავდასხმაზე “ძლიერი პასუხის” დაპირება დადო და განაცხადა, რომ გააგრძელებს “კრიმინალთან და გავლენიანი ფინანსური ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას”.

2021 წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დააანონსა კამპანია კორუმპირებული ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ხანია ბრალდებულები არიან უკრაინის ეკონომიკის ექსპლუატაციაში და მედიისა და პოლიტიკური კლასის ხმების ყიდვაში.

კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ კანონი შერჩევითად გამოიყენებოდა პრეზიდენტის ხელში მეტი ძალაუფლების კონცენტრირებისთვის.