LIVE

სამხრეთ კორეამ Google $177 მილიონით დააჯარიმა

14 სექ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 885
სამხრეთ კორეამ Google $177 მილიონით დააჯარიმა
David Paul Morris/Bloomberg

სამხრეთ კორეამ Google Android ოპერაციული სისტემის კონკურენტების განვითარების შეფერხებისათვის გამოყენების გამო $177 მილიონით დააჯარიმა. 

მარეგულირებელი ორგანოები ადანაშაულებენ Google-ს, რომლის მობილურ ოპერაციულ სისტემას მსოფლიოში სმარტფონების 80%-ზე მეტი მოიხმარს, რომ იყენებს მოლაპარაკების ძალას კონკურენციის შესამცირებლად. კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მტკიცებით, Google-ის ანტიფრგმენტაციული შეთანხმებები (AFA) მწარმოებლებთან, როგორიცაა Samsung Electronics და LG Electronics, ხელს უშლის გაჯეტების შემქმნელებს, განავითარონ ან გამოიყენონ Android OS-ის შეცვლილი ვერსიები. სამეთვალყურეო ორგანომ აუკრძალა Google-ს, აიძულოს მწარმოებლები ხელი მოაწერონ AFA კონტრაქტებს და არსებულ კონტრაქტებში ცვლილებების შეტანა დაავალა.

აგვისტოში კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც აიძულებს Apple-სა და Google-ს, გახსნან აპლიკაციების მაღაზიები გარე გადახდის სისტემებისთვის, რაც შექმნის პოტენციურად რადიკალურ პრეცედენტს მათი მომგებიანი ოპერაციებისთვის. კანონი 14 სექტემბრიდან ამოქმედდება. 

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ტექნოლოგიური გიგანტი და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ Android-მა დააჩქარა ინოვაციები, მათ შორის კორეულ კომპანიებს შორის და გააუმჯობესა მომხმარებლის გამოცდილება. Google გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და ამტკიცებს, რომ KFTC-ის ​​გადაწყვეტილება “იგნორირებას უკეთებს ამ სარგებელს”.

“სამართლიანი ვაჭრობის კომისიის მოქმედება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მობილური მოწყობილობებით. მაკორექტირებელი ზომები მოიცავს ახალ მოწყობილობებთან დაკავშირებულ სფეროებს, როგორიცაა სმარტ საათები და ტელევიზორები. ამიტომ, ჩვენ ინოვაციებს ველით, რადგან კონკურენტული ზეწოლა ამ სფეროში გააქტიურდება”,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ჯონ სუნ-ვუკმა.

2021 წელს კორეელმა მარეგულირებლებმა ტექნიკურ გიგანტებზე, მათ შორის ადგილობრივ მოთამაშეებზე, კონტროლი გააძლიერეს. მომხმარებელთა დაცვა ღონისძიებების მთავარი ელემენტია, რაც მიზნად ისახავს, შეზღუდოს უმსხვილესი კომპანიების უფლებამოსილება ბაზრის კონტროლის მიზნით, განსაკუთრებით ისეთ მზარდ ინდუსტრიებში, როგორიცაა fintech მომსახურება.

კორეული მარეგულირებლის თანახმად, Google-ის დომინირება მობილურ ბაზარზე კონკურენტების დაბრკოლების შედეგად განმტკიცდა. კომისიის შეფასებით, Amazon-მა და Alibaba Group-მა ვერ დაიწყეს მობილური ოპერაციული სისტემის ბიზნესი, ხოლო Samsung-მა და LG-იმ ვერ შეძლეს ისეთი მოწყობილობების გამოშვება, როგორიცაა სმარტ საათები და დინამიკები ახალი სერვისებით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი