LIVE

მთავრობა მოქალაქეების კოვიდსტატუსის გაგებას აპლიკაციით გეგმავს

14 სექ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 880
მთავრობა მოქალაქეების კოვიდსტატუსის გაგებას აპლიკაციით გეგმავს

ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს შექმნას აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც როგორც საქართველოს, ასევე უხო ქვეყნის მოქალაქეების კოვიდსტატუსი გადამოწმდება.

ამ ეტაპზე Covidpass.moh.gov.ge მხოლოდ ვებ-გვერდის სახით ფუნქციონირებს. დღეს ახალი ვებ-გვერდი შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, Covidpass.moh.gov.ge-ის მეშვეობით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. მეტიც, ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ და Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.

"პლატფორმით ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნეს სექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს. Covid-საშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს",- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ ვებგვერდ https://covidpass.moh.gov.ge/-ზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.