LIVE

ზელენსკი რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას არ გამორიცხავს

10 სექ 202115:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1333
ზელენსკი რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას არ გამორიცხავს
REUTERS/Jonathan Ernst

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შესაძლებელია ფართომასშტაბიანი ომი მეზობელ რუსეთთან და სურს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.

იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) სამიტზე დასმულ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ომის თავიდან არიდება, ზელენსკიმ თქვა: “ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ამის შესაძლებლობა”.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ აწუხებს ფაქტი, რომ უკრაინას არ მიუღია მკაფიო პასუხი NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოთხოვნაზე - ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად გააღიზიანებს მოსკოვს.

“ჩვენ არ მიგვიღია პირდაპირი პოზიცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინა დიდი ხანია მზად არის”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინის მიღებაზე უარი NATO-ს დაასუსტებს, რაც რუსეთის ინტერესშია.

კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის დასაწყისში მას შემდეგ გამწვავდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გააქტიურდა და რუსეთმა საზღვარზე დამატებითი სამხედრო ძალები განალაგა.

მოსკოვმა უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესის დაკარგვაში დაადანაშაულა, თუმცა ზელენსკი უშედეგოდ მოითხოვდა კონფლიქტის ზონაში პუტინთან შეხვედრას. “მეჩვენება, რომ ისინი ვერ ხედავენ საკითხების გადაწყვეტის აზრს. მათ არ სურთ ომის დასრულება და კონფლიქტის სწრაფად მოგვარება”,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს 2014 წლის შემდეგ 14000 ადამიანი ემსხვერპლა.