LIVE

აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე დაჩქარდა

03 სექ 202110:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1001
აგვისტოში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე დაჩქარდა

აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური დონე 12.8%-ია, რაც 2011 წლის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.

წლიური ინფლაციის დაჩქარებაში ძირითადი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ შეიტანა, სადაც ფასები გაიზარდა 16.2 პროცენტით. მათ შორის, თითქმის 44%-ით არის გაძვირებული ზეთი და ცხიმი, 42.2%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული, 17.3%-ით რძე, ყველი და კვერცხი. შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის ფასებმა 16.9%-ით იმატა, პური და პურპროდუქტები 13%-ით გაძვირდა, თევზეული - 11.9%-ით,  მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 11.5%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.3%-ით, ხოლო ყავა,ჩაი და კაკაო 6.8 %-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით. 32.5%-ით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, სატრანსპორტო მომსახურება - 4.6%-ით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2.9%-ით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.6 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.1%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 10.9 პროცენტით. ყველაზე მეტად, 17.9%-ით სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობი გაძვირდა. 5.3%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 5%-ით.