სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" სუბსიდირებული იპოთეკური სესხი აამოქმედა მრავალშვილიანი და ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები.
პროგრამა ითვალისწინებს ასეთი ოჯახების ან მარტოხელა მშობლების/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული პროცენტის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში. სესხის პროცენტის თანადაფინანსება ბიუჯეტიდან პირველ და მეორე შვილზე 6%, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე კი - 8% იქნება.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:
- ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამის ფარგლებში იპოთეკური კრედიტი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად.
იპოთეკური სესხი გაცემული უნდა იყოს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, სააგენტო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.
"პროგრამა ატარებს ერთჯერად ხასიათს და მასში მონაწილეობა ბენეფიციარს შეუძლია მხოლოდ ერთხელ, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მრავალშვილიან ოჯახებზე - მათ შეეძლებათ მე-4 და მეტი შვილის გაჩენის შემთხვევაში ხელმეორედ ისარგებლონ პროგრამით და შესაბამისად, შეძლონ ახალი, მაქსიმუმ 200 000 ლარიანი სესხის აღება," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.