LIVE

Galt & Taggart: წელს საქართველოს ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას ველით

11 აგვ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 966
Galt & Taggart: წელს საქართველოს ეკონომიკის 8.6%-იან ზრდას ველით

Galt & Taggart-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და წელს 8.6%-იან ზრდას პროგნოზირებს. აქამდე ორგანიზაცია 7%-იან ზრდას ვარაუდობდა. პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად სახელდება წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი, 12.7%-იანი ეკონომიკური ზრდა. ამასთან, Galt & Taggart-ი არ გამორიცხავს, წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს (11.2%) თუ ქვეყანა COVID-თან დაკავშირებულ მკაცრ შეზღუდვებს აიცილებს თავიდან და ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდება.

ამასთან, Galt & Taggart-ი 2021 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზს 6.9%-დან 9.5%-მდე ზრდის. ორგანიზაციის პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს.

რაც შეეხება ინფლაციის მიმდინარე მაღალ მაჩვენებს, ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდა თუ არ ჩავთვლით იმ თვეებს, როცა მთავრობამ კომუნალური მომსახურების სუბსიდირება დაიწყო. წლიური ინფლაცია განსაკუთრებით ჯერ ივნისში გაიზარდა 9.9%-მდე, ხოლო ივლისში 11.9%-ს მიაღწია, მაშინ როცა ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი მარტი-მაისში 7.4% იყო. 

ორგანიზაციის შეფასებით, ამ თვეებში ინფლაციის ზრდაზე გავლენა იქონია საკვების, გაზის ტარიფის გაძვირებამ, რომელიც თბილისში 1 ივლისიდან გაიზარდა, ასევე  ივლისში სახელმწიფომ პურის სუბსიდირების პროგრამა დაასრულა. ანგარიშში წერია, რომ ამის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, შედეგად აგვისტოში განაკვეთმა 10%-ს მიაღწია, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ტურიზმს, Galt & Taggart-ი მიმდინარე წელს ტურიზმის 36%-იან აღდგენას პროგნოზირებს 2019 წელთან შედარებით. ამასთან, ორგანიზაცია 2021 წლის მეორე ნახევარში გაცვლითი კურსის ბაზარზე მნიშვნელოვან რყევებს არ ელოდება და ლარის ღირებულებას დოლართან 3.1-3.2-ის ფარგლებში პროგნოზირებს. 

Galt & Taggart-ის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე მკვეთრი რყევების შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა გამოთქვა ინტერვენციებისთვის მზაობა, რაც ვალუტის გავლენას ინფლაციაზე შეამცირებს.