"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა. ამასთან, ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12.7%-ია.
"ყველას გვახსოვს რომ 2020 წლის ივნისში გვქონდა ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა. აქედან გამომდინარე, ამაზე გავლენა რასაკვირველია მოახდინა საბაზისო ეფექტმა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითაც დაახლოებით 9.5%-ით გაიზარდა",- განაცხადა "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
"საქსტატის" თანახმად, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.
მიმდინარე წლის ივნისში ახლადრეგისტრირებული საწარმოთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით გაიზარდა და 4 883 შეადგინა. 2020 წლის ივნისთან შედარებით 37.5%-ით გაიზარდა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა და 9 მილიარდ 136 მილიონი შეადგინა.
ცნობისთვის, "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" (IMF) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად (4.2%-ით) აღემატება აქამდე არსებულ ეკონომიკური ზრდის 3.5%-იან პროგნოზს. IMF-ის პროგნოზითვე, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი თითქმის 57 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ემთხვევა საქართველოს მთავრობის პროგნოზს, რომელიც ასევე 7.7%-ია.