LIVE

Covid-19-ის გამო Apple-ის თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება გადაიდო

22 ივლ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 622
Covid-19-ის გამო Apple-ის თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება გადაიდო
Toru Hanai/Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, ვირუსის ახალი ტალღის გამო Apple-ის თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდო.

IPhone-ის მწარმოებელი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელმაც სამუშაოს ნორმალიზების გეგმა შეაჩერა. მიზეზი მთელს მსოფლიოში Covid-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდაა.

არსებული გეგმით, Apple-ის თანამშრომლები ოფისებში სექტემბერში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ივნისში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ოპტიმიზმი ვაქცინაციის მაჩვენებელსა და ინფექციის გავრცელების შეჩერებას ეფუძნებოდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში მოსახლეობის ნახევარი აცრილია, სიკვდილიანობის 10-კვირიანი გლობალური შემცირების შემდეგ, მაღალი ინტენსივობის დელტა ვარიანტი ვირუსის მორიგ ტალღას იწვევს. გაორმაგებულია ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი და საავადმყოფოებში პაციენტთა რაოდენობა კვლავ იზრდება.

კორპორაციები ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ უნდა მოერგონ ახალ სამუშაო მოთხოვნებს პოსტ-კორონავირუსის ეპოქაში. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის დისტანციური მუშაობა უპირატესობა აღმოჩნდა.

Facebook-ში მიიჩნევენ, რომ გაიზრდება იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებიც პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ დისტანციურად მუშაობას, თუმცა მათი ხელფასები შეიძლება შეიცვალოს  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. Google-მა ახლახანს შემოიღო სამუშაოზე დასაბრუნებელი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ მრავალი ადგილიდან ან სახლიდან.

Apple-ი კი ცდილობს საცალო ვაჭრობის თანამშრომლებისთვის ჰიბრიდული მაღაზიების შექმნასა და სახლიდან მუშაობის საშუალების მიცემას იმის აღიარებით, რომ მომხმარებლებმა შეიძლება უპირატესობა კვლავ ონლაინ მაღაზიებს მიანიჭონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი