LIVE

ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებისთვის ერდოღანი აშშ-ის მხარდაჭერას ითხოვს

20 ივლ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 813
ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებისთვის ერდოღანი აშშ-ის მხარდაჭერას ითხოვს
Dan Kitwood/Getty Images

თურქეთი უსაფრთხოების ზომების მიღებას ქაბულის აეროპორტში იმ პირობით აპირებს, თუ შეერთებული შტატების მხარდაჭერას მიიღებს. აშშ კი 20-წლიანი ომის შემდეგ, ავღანეთიდან ჯარის გაყვანას აპირებს. 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს, ჩრდილოეთ კვიპროსში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ მის მთავრობას უსაფრთხოების იდეის მიმართ “პოზიტიური” დამოკიდებულება, მაგრამ საკუთარი “პირობები” აქვს.  

“პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიურ ურთიერთობებში უნდა დაიჭიროს მხარი თურქეთს. მეორე, მათ უნდა მოახდინონ ლოგისტიკური შესაძლებლობების მობილიზაცია თურქეთისთვის და ბოლოს, უნდა შემოგვთავაზონ საჭირო ფინანსური და ადმინისტრაციული დახმარება, რადგან სერიოზული პრობლემები წარმოიქმნება”,- განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთმა უზრუნველყო ქაბულის აეროპორტის დატვირთული სამხედრო განყოფილების უსაფრთხოება ექვსი წლის განმავლობაში, NATO-ს ეგიდით მხარდაჭერის მისიის ფარგლებში. უსაფრთხოების სამომავლო უზრუნველყოფამ კი შეიძლება შეერთებულ შტატებთან არსებული დაძაბულობა განმუხტოს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემა იყიდა. შეერთებული შტატების პოზიციით, ეს NATO-ს უსაფრთხოებას ზიანს აყენებდა.

გასულ კვირას თალიბებმა თურქეთი ქაბულის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ერდოღანმა გაფრთხილება უარყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტუღე ოზოი