LIVE

ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

06 ივლ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 858

ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ექვს თვეში ლარის სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 1 პროცენტული პუნქტით, 15.8%-მდე გაიზარდა.

გაძვირებულია ისეთი საკრედიტო პროდუქტები, როგორიცაა იპოთეკური სესხი, ზრდა დაფიქსირდა ავტო და სალომბარდე სესხებზეც.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციაში განუცხადეს, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა პირდაპირ უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის აწევას. 

„2020 წელს საკრედიტო აქტივობა მინიმუმამდე იყო დასული და შედარებით მაღალი რეფინანსირების განაკვეთი ნაკლებად აისახებოდა საპროცენტო განაკვეთებზე. ახლა კი აქტივობა გაზრდილია და ამას ემატება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც ლარის სესხებსაც აძვირებს. როგორ შეიცვლება სამომავლოდ ეროვნული ვალუტის სესხების ღირებულება, სრულადაა დამოკიდებული შემდგომში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებაზე“,- განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ.

რაც შეეხება უცხოური ვალუტის სესხებს, ბოლო თვეების განმავლობაში განაკვეთი ძირითადად უცვლელად ნარჩუნდება და საშუალო წლიური განაკვეთი აღნიშნულ სესხებზე 6.6%-ს შეადგენს.