
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი მხარდაჭერით, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობით ისარგებლებენ.
პროექტის ფარგლებში, EBRD „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ ადგილობრივი კომპანიებისათვის ქვესესხების გაცემის მიზნით 10 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს, ხოლო ევროკავშირი ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებითა და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით შეავსებს, რომელიც EU4Business ინიციატივის ფარგლებშია დაფინანსებული.
დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებითა და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70 პროცენტი დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.
დაფინანსება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ნაწილია და წარმოადგენს ინსტრუმენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.