LIVE

მომავალ წელს ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა, $100 მიაღწიოს

24 ივნ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1087
მომავალ წელს ბარელი ნავთობის ფასმა შესაძლოა, $100 მიაღწიოს
Bloomberg

"ამერიკის ბანკის" (Bank of America) განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში ერთი ბარელი ნავთობის ფასი შეიძლება 100 დოლარამდე გაიზარდოს, რადგან კვლავ დაბრუნდა მოთხოვნა მოგზაურობაზე.

"2022 წელს, გლობალური ნავთობის მოხმარება გადააჭარბებს მიწოდებას, რადგან პანდემიიდან ეკონომიკური აღდგენა ზრდის საწვავის მოხმარებას",- ნათქვამია ბანკის ანგარიშში. 21 ივნისს, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსი $74 დოლარად იყიდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ცალკეულმა დამკვირვებლებმა, მათ შორის Trafigura Group-მა და Goldman Sachs Group-მა, უკვე განაცხადეს, რომ შესაბამის პირობებში, ნავთობის ფასმა შეიძლება კვლავ მიაღწიოს $100-ს, "ამერიკის ბანკის" პროგნოზი ყველაზე მყარია. 2014 წლის შემდეგ ნავთობი არ დაბრუნებია სამნიშნა ღირებულებას, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკის ფიქლის ნავთობის მასიურმა მიწოდებამ ნავთობის ფასის ვარდნა გამოიწვია.

ნავთობის ფასების სულ უფრო მზარდი პერსპექტივა ზეწოლას ზრდის OPEC+ კოალიციაზე, რომელსაც საუდის არაბეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ. ეს ჯგუფი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა განიხილონ პანდემიის დროს შეჩერებული წარმოების კიდევ რამდენიმე ნაწილის აღდგენა.

მსოფლიო ბაზარმა შეიძლება ალიანსი აიძულოს "ოდნავ გახსნას ონკანები". მიმდინარე თვეში ფასები შეჩერდა, რადგან OPEC-ის წევრმა ქვეყანამ, ირანმა ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ნავთობის ექსპორტზე, აშშ-ის სანქციების ძალაში დატოვების გამო.

Bank of America-ს თანახმად, OPEC+ ალიანსის უახლოესი პერსპექტივები ძალიან დამაიმედებელია.

მომავალ წელს ნავთობის მოხმარება მოიმატებს, რადგან მასობრივი მკვეთრად გაიზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე, რაც აიძულებს მგზავრებს, უფრო მეტად გამოიყენონ პირადი მანქანები. დისტანციური მუშაობის მუდმივი პოპულარობაც კი ვერ შეამცირებს საწვავის მოხმარებას, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ, რადგან სახლიდან მომუშავეები დღის განმავლობაში მანქანებს იყენებენ პირადი ამოცანების შესასრულებლად.

ამავდროულად, Bank of America მოელის, რომ ახალი ნავთობის მარაგი შეზღუდული დარჩება. აქციონერები ზეწოლას მოახდენენ მსხვილ კომპანიებზე, რათა განახლებადი ენერგია აწარმოონ.

მიუხედავად ამისა, ყველა არ იზიარებს მოლოდინს, რომ 2022 წელს ნავთობის ბაზარზე მიწოდების დეფიციტი იქნება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიშში აღინიშნა, რომ მოთხოვნის სავარაუდო ზრდის ნახევარი შეიძლება დაკმაყოფილდეს OPEC-ის გარეთ, ძირითადად აშშ-ს მხრიდან წარმოების განახლებით.

ეს საშუალებას მისცემს OPEC-ს და მის პარტნიორებს დიდი რაოდენობით ზედმეტი წარმოება ჰქონდეთ, რაც კიდევ უფრო მეტი იქნება, თუ ირანი შეძლებს ბირთვული შეთანხმების გაფორმებას აშშ-სთან იმ დროისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრანტ სმიტი