LIVE

EBRD რკინიგზის მწვანე ბონდებში $50 მილიონს აბანდებს

18 ივნ 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 861
EBRD რკინიგზის მწვანე ბონდებში $50 მილიონს აბანდებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) $50 მილიონის ინვესტირებით დაუჭირა მხარი საქართველოს რკინიგზის მიერ ძველი ვალის რეფინანსირებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებულ პირველ მწვანე ობლიგაციებს.

ემისიის საერთო მოცულობამ $500 მლნ შეადგინა, ობლიგაციას 7 წლის ვადა აქვს. ობლიგაცია შეფასდა 9 ივნისს, ხოლო ადგილობრივმა და საერთაშორისო ინვესტორებმა შეისყიდეს 17 ივნისს.

მიღებული თანხა მოხმარდება საქართველოს რკინიგზის არსებული ვალის რეფინანსირებას, რომელსაც ვადა 2022 წელს გასდის, ასევე კომპანიის მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. 

„ეს არის საქართველოს რკინიგზისა და საქართველოსთვის საეტაპო შეთანხმებაა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მონაწილეობას ვიღებთ ამ წარმატებული მწვანე ობლიგაციის განთავსებაში. EBRD გეგმავს მწვანე დაფინანსების გაზრდას რეგიონში, რათა დაეხმაროს ქვეყნებსა და ბიზნესებს ნულოვან ემისიაზე გადასვლის პროცესში," განაცხადა EBRD–ის დირექტორმა და ინფრასტრუქტურა ევრაზიის ხელმძღვანელმა, ეკატერინა მიროშნიკმა. 

"რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7.75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის, დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება,“ აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4.1 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.