LIVE

საქპატენტის ხელმძღვანელი: პრემიერმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა

11 ივნ 202110:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1332
საქპატენტის ხელმძღვანელი: პრემიერმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა

საქპატენტის თავმჯდომარე, მინდია დავითაძე აცხადებს, რომ თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამი თვის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურდა, თუმცა უარს იღებდა. 

“გუშინ, მივლინებით ვიმყოფებოდი გურიის რეგიონში, სადაც შეხვედრა მქონდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან რეგიონში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის ფორმირების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტიან  გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად გზაში დამაწია გათავისუფლების ბრძანება, რომელიც პრემიერ მინისტრს გუშინ წინ - 09 ივნისს მიუღია და რის შესახებაც გუშინ მეილით გვაცნობეს, სწორედ იმ დროს, როდესაც მივლინებაში ვიმყოფებოდი.

მოკლედ მინდა გაგაცნოთ ის პროცესები, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლებამდე მიმდინარეობდა:

შეხვედრაზე უარის პარალელურად, მოულოდნელად, ჩემი ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, ჩემი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით საქპატენტში ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა საქპატენტში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია.

ინფორმაციის გადაგზავნიდან, ასევე, რეკორდულ დროში - 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე რომ არც კი დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი, რითაც საქპატენტს დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, თითქოსდა ერთ-ერთი თანამშრომლის შრომითი უფლების დარღვევის მიზეზით. ნიშანდობლივია, რომ სიჩქარეში შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან აჩქარებდნენ მთავრობიდან, გაფრთხილების გამოტანისას დაუშვა ტექნიკური შეცდომები.

რა თქმა უნდა, შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ჩვენს მიერ გასაჩივრდა სასამართლოში, სადაც ველოდებით საკითხის სამართლიან განხილვას და შრომის ინსპექციის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.

ვინაიდან ჩემთვის ნათელი გახდა რა პროცესებს ჰქონდა ადგილი, დაუყოვნებლივ მოვითხოვე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან - ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, რომელმაც ნიშანდობლივია, რომ სწორედ შრომის ინსპექციის დასკვნის გამოცემის შემდეგ მოიცალა შესახვედრად. ილია დარჩიაშვილმა მომთხოვა განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა, იმ მოტივით, რომ დანიშნული ვარ წინა პრემიერის - გიორგი გახარიას მიერ. სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლებრივი არგუმენტები, ვერ მოვისმინე.

მოთხოვნის მიუხედავად, რა თქმა უნდა განცხადება არ დავწერე, ვინაიდან საქპატენტი გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, გეგმების ბოლომდე მიყვანა ვერ შევძელით. პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელეების დევნა უნდა დასრულდეს!", წერს მინდია დავითაძე. 

მინდია დავითაძე საქპატენტის თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვალში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 4 წლის ვადით დანიშნა.