LIVE

რუსეთი ალმასის გაყიდვების გაზრდას განიხილავს

13 ივნ 202115:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1476
რუსეთი ალმასის გაყიდვების გაზრდას განიხილავს
Bloomberg

რუსეთი სახელმწიფო მარაგიდან უფრო მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტის გაყიდვას განიხილავს, რათა ისარგებლოს გლობალური მოთხოვნის აღდგენით გასული წლის Covid შეზღუდვებით გამოწვეული ვარდნის შემდეგ.

მთავრობა ამზადებს განკარგულებას, რომ გაზარდოს ალმასის დაგეგმილი გაყიდვები სახელმწიფო საცავიდან, რომელიც Gokhran-ის სახელით არის ცნობილი.

გაყიდვა, სავარაუდოდ, ორგანიზებული იქნება საჯარო აუქციონის საშუალებით და რუსეთის ყველაზე მსხვილი ბრილიანტის მეწარმე Alrosa-ც მიიღებს მასში მონაწილეობას.

"თუ Gokhran-ი ალმასის აუქციონებს გამოაცხადებს, ჩვენ საფუძვლიანად განვიხილავთ შეთავაზებას და მონაწილეობას მივიღებთ, თუ ეს საინტერესო იქნება",- განაცხადა Alrosa-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა ევგენი აგურეევმა.

ალმასის ინდუსტრია კორონავირუსული პანდემიის მწვერვალზე ჩიხში აღმოჩნდა, რამაც შეშფოთება გამოიწვია იმის შესახებ, რომ ჭარბმა მარაგმა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს სექტორს. თუმცა, შუამავლების მხრიდან უზარმაზარმა შესყიდვებმა მთლიანად დააცარიელა ძვირფასი ქვის მომპოვებელთა მარაგები, მაშინაც კი, როდესაც ტოპ მწარმოებლები De Beers-ი და Alrosa ფასებს ზრდიან.

De Beers-მა მიმდინარე კვირის გაყიდვებში 2 კარატზე ზემოთ ალმასის ფასი დაახლოებით 10%-ით გაზარდა. გასულ თვეში Alrosa-ს ალმასის ინვენტარი დაახლოებით 10 მილიონ კარატამდე დაეცა, მესამე კვარტალში 30,6 მილიონიანი პიკის შემდეგ.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, Gokhran-მა 5 მილიარდი რუბლის (69 მილიონი დოლარი) ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები უნდა გაყიდოს. თუმცა, აქ ალმასის გაყიდვის გაზრდილი გეგმა გათვალისწინებული არ არის.

Gokhran-ის მარაგების ზომა სახელმწიფო საიდუმლოებაა. გასულ წელს, რუსეთმა Alrosa-სგან $1 მილიარდის ალმასის შეძენა განიხილა, სანამ ბაზარი აღდგებოდა. სახელმწიფო მარაგმა ბრილიანტების დიდი ნაწილი 2009 წელს, გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, კომპანიის დასახმარებლად ასევე Alrosa-სგან შეიძინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:ევგენია პისმენაია და იულია ფედორინოვა