LIVE

ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია

07 ივნ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1602
ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მიიწვია
Alexey Furman/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია. შეთავაზება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინ გაკეთდა, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის მნიშვნელობის ხაზგასმის კიდევ ერთი ნიშანია. 

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ.

ჯო ბაიდენმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ პუტინთან შეხვედრაზე “მტკიცედ დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მისწრაფებებს”, - განუცხადა სალივანმა ჟურნალისტებს.

ორ ლიდერს შორის ეს 2021 წელს განხორციელებული მეორე სატელეფონო საუბარი იყო.  გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მაისში იმყოფებოდა უკრაინაში და პირობა დადო, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდის მიზნით ნაბიჯებს გადადგამს, რათა დაეხმაროს რუსეთის “აგრესიულ” და “დესტაბილიზაციურ” ქმედებებთან გამკლავებაში.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პუტინმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა და ომი წამოიწყო. მიმდინარე წლის აპრილში კი კრემლმა უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა განალაგა, რამაც მეზობელ ქვეყანაში კიდევ ერთი შეჭრის საფრთხე შექმნა. 

კიევში შიშობენ, რომ ბაიდენი მზად არის პუტინთან დათმობებზე წავიდეს ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიცაა, მაგალითად, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა. სამიტის წინ შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად უარი თქვა Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობის შეჩერების მცდელობებზე, რაც უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანზიტული ფუქნციის დაკარგვის საფრთხეს ქმნის. 

ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტი მომდევნო თვეში შედგება და მთავარი თემა “სტრატეგიული თანამშრომლობის” გაფართოება იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვლადიმერ ვერბიანი და კასია კლიმასინსკაია