LIVE

აშშ-ის სანქციების ფონზე, რუსეთი ევროში ვაჭრობას წაახალისებს

08 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
აშშ-ის სანქციების ფონზე, რუსეთი ევროში ვაჭრობას წაახალისებს
Bloomberg

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კომპანიებს, მათ შორის სახელმწიფო გიგანტებს, წაახალისებს, რომ ვაჭრობისთვის აშშ დოლარის ნაცვლად, ევრო გამოიყენონ. უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი სანქციების ზემოქმედების შემცირებაა და ის არ უნდა იყოს აღქმული, როგორც დოლარის შეზღუდვა.  

“რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მხარს უჭერს ამ ცვლილებას, მათ შორის, მარეგულირებელის მიერ სტიმულის დაწესებას. რასაკვირველია, სტიმული არ შეიძლება იყოს რაიმეს აკრძალვა, ის მხოლოდ ეკონომიკურ მეთოდებს ითვალისწინებს”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა სახელმწიფო კომპანიებისთვის საჯარიმო სანქციებისა და სხვა შეზღუდვების დაწესებას განიხილავს, რათა ევროს გამოყენება წაახალისოს. 

2014 წელს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთი ცდილობს, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი ევროთი ჩაანაცვლოს. 2019 წელს რუსეთის სახელმწიფო ნავთობგიგანტმა Rosneft-მა ნავთობის ექსპორტის ყველა ხელშეკრულება ევროში გადაიტანა. 

მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, რუსეთი კვლავ დოლარზე დამოკიდებული რჩება. განსაკუთრებით ეს ეხება საქონლის ექსპორტს, რომელიც აშშ დოლარშია დენომინირებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიკ რუდნიცკი და ანია ანდრიანოვა