LIVE

ბეზოსი Blue Origin-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრება

07 ივნ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1126
ბეზოსი Blue Origin-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრება
Matthew Staver/Bloomberg

მილიარდერი ჯეფ ბეზოსი ამბობს, რომ 20 ივლისს, Blue Origin-ის პირველი მისიით კოსმოსში გაემგზავრება. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ბიზნესმენი ამბობს, რომ ის ძმასთან, მარკთან ერთად იმგზავრებს.

Blue Origin-ი პირველ მისიას, ბეზოსის მიერ Amazon.com-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დატოვებიდან ორ კვირაში განახორციელებს და ადამიანებს კოსმოსში გაიყვანს. სუბორბიტალურ სივრცეში 11-წუთიანი ფრენის დროს რაკეტა 100 კმ სიმაღლეზე ავა.

“კოსმოსში გამგზავრებაზე ხუთი წლიდან ვოცნებობდი. 20 ივლისს, ჩემს ძმასთან ერთად გავემგზავრები. უდიდესი თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად”,- წერს ბეზოსი.

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი, ელონ მასკის Space Exploration Technologies-სა და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic Holdings-თან ერთად, ერთ-ერთი გახმაურებული კოსმოსური ტურისტული კომპანიაა.

Blue Origin-ი 20 ივლისის ფრენისთვის რაკეტა New Shepard-ზე მოსახვედრად ერთი მგზავრის ადგილს აუქციონზე ყიდის. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხება Blue Origin-ის ფონდში, სახელად „მომავლის კლუბი“, რომელიც ხელს უწყობს მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო განათლებას.

კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს ოთხდღიანი მომზადება ჩაუტარდებათ. აქედან სამ დღეს ისინი ტეხასის შტატში, ქალაქ ვან ჰორნისთან ახლოს, კომპანიის ტერიტორიაზე გაატარებენ.

5 ივლისს ბეზოსს Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ენდი ჯესი ჩაანაცვლებს

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიჩარდ კლოფი