LIVE

Blue Origin-ი ადამიანებს კოსმოსში პირველად 20 ივლისს გაიყვანს

06 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
Blue Origin-ი ადამიანებს კოსმოსში პირველად 20 ივლისს გაიყვანს
nbcnews

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის მიერ დაარსებული კოსმოსური ხომალდების კომპანია Blue Origin-ი 20 ივლისს პირველ მისიას განახორციელებს და ადამიანებს კოსმოსში გაიყვანს.

კომპანია გეგმავს, რაკეტა New Shepard-ზე ერთი მგზავრის ადგილი აუქციონზე გაყიდოს. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხება Blue Origin-ის ფონდში, სახელად „მომავლის კლუბი“, რომელიც ხელს უწყობს მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო განათლებას.

ეს გეგმები Blue Origin-ის პროგრესზე მიუთითებენ, რომელიც კონკურენციაშია ელონ მასკის Space Exploration Technologies-თან და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic Holdings-თან. ყველა ჩამოთვლილი პროგრამა ბაზას ქმნის კოსმოსური ტურიზმის ბაზრის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის კომპანიას ჯერ ხალხი არ გადაუყვანია, ბეზოსმა აპრილის საცდელი ფრენის შემდეგ სოციალურ ქსელში მიანიშნა, რომ ასეთი ეტაპი ახლოვდებოდა.

ეკიპაჟის პირველი მოგზაურობის დეტალები უცნობია, მაგრამ Blue Origin-ი საბოლოოდ აპირებს ექვსი ასტრონავტის გადაყვანას 11-წუთიანი ფრენებით, რომლებიც გადაკვეთენ ე.წ. კარმანის ხაზს, ხშირად ხსენებულ კოსმოსურ საზღვარს 100 კილომეტრის სიმაღლეზე. ეკიპაჟის კაფსულა მოსცილდება ფრენის დროს, შემდეგ კი პარაშუტებით დაეშვება, რაკეტა New Shepard-დან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. აპრილში, New Shepard წარმატებით დაეშვა Blue Origin-ის კოსმოდრომზე დასავლეთ ტეხასში, მე-15-ე საცდელი ფრენის დროს.

Virgin Galactic-ს 600-მდე კლიენტი ჰყავს, რომლებმაც კოსმოსში მომავალი მგზავრობისთვის $250,000 გადაიხადეს. კომპანიამ ჯავშნების მიღება შეწყვიტა 2018 წლის ბოლოს, მაგრამ აპირებს განაახლოს 2021 წლის ბოლოს მას შემდეგ, რაც რობერტ ბრენსონს გააგზავნის სუბორბიტალურ სივრცეში ერთ-ერთ პირველ ფრენაზე. მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, სამომავლო ფასები, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება.

SpaceX ასევე ემზადება ფასიანი კლიენტებისთვის. სექტემბერში, ელონ მასკის კომპანია გაამგზავრებს ტექნოლოგიურ მეწარმეს, ჯარედ ისააკმანს სამ მგზავრთან ერთად, დედამიწის დაბალ ორბიტაზე მრავალდღიანი მისიით.

მომავალ წელს, მასკის კოსმოსური პროგრამით ოთხი კაცი გაფრინდება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმანი