
სინგაპურის ხელისუფლებამ 16 წლის ბიჭისთვის Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო, ბოდიში მოიხადა. ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 18+ ასაკისთვისაა დამტკიცებული.
სინგაპურის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი განცხადების მიხედვით, ვაქცინაციის ვიზიტის დაჯავშნისას ბიჭის ასაკი არასწორად იყო მითითებული, რამაც მას Moderna-ს ცენტრის არჩევის საშუალება მისცა. ცენტრის თანამშრომლებმა, მისი ასაკის სწორად განსაზღვრა ვერ შეძლეს.
შეცდომა ვაქცინაციის ცენტრ Kolam Ayer Community Club-ში, აცრის შემდგომი დაკვირვების პერიოდში აღმოაჩინეს. განსაკუთრებული შემთხვევის გამო, ბიჭს უფრო დიდხანს - 50 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ. უწყებები თანამშრომლობენ ვაქცინირებულის ოჯახთან და თვალს ადევნებენ მის მდგომარეობას.
ბიჭი კარგად არის და COVID-19-ის ვაქცინაციის ექსპერტთა კომიტეტი აცრის შედეგად რაიმე გართულებას არ მოელის.
“ვაქცინის მიმღებთა უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია”,- ნათქვამია სამინისტროების განცხადებაში. უწყებები გამოწვეული უხერხულობისა და წუხილის გამო, ბოდიშს იხდიან. განცხადების მიხედვით, მთავრობამ მსგავსი შემთხვევის გამეორების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს მიმართა.
სინგაპურმა 400,000-ზე მეტი მოსწავლის ვაქცინაცია ივნისში დაიწყო, მას შემდეგ, რაც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 12+ ასაკის მოზარდებისთვისაც გაიცა.
Moderna-ს მიერ ჩატარებული კვლევით, რომელშიც 3,700 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდი მონაწილეობდა, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი