LIVE

Riksbank: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები რეგულაციებს ვერ ასცდებიან

02 ივნ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1166
Riksbank: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები რეგულაციებს ვერ ასცდებიან

შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველის თქმით, ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, სავარაუდოდ, რეგულაციებს თავიდან ვერ აიცილებენ. ზედამხედველობის ორგანოები ფენომენის მზარდ პოპულარობაზე რეაგირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენლები ბიტკოინისა და მისი კონკურენტების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, კრიპტოვალუტები ენთუზიაზმის მიმდევრების შეძენას განაგრძობენ.

შვედეთის ფინანსური ბაზრების მინისტრმა, ოსა ლინდჰაგენმა განაცხადა, რომ მთავრობა უკვე კრიპტო გაცვლის პლატფორმების სტანდარტების გამკაცრების პროცესშია. ლინდჰაგენმა ამას ”საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სამუშაო” უწოდა. მან ასევე დასძინა, რომ ფულის გათეთრების რისკის მოგვარება, რომელსაც კრიპტოვალუტები წარმოადგენენ, არის "ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი", რომელიც მოითხოვს საზღვრებს გარეთ მუშაობას.

გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს პროდუქტი, რომელიც ეროვნული ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩენას გულისხმობს. მაგრამ მთავრობები, განსაკუთრებით ჩინეთი, კრიპტოზე ზეწოლას აძლიერებენ. ჩინეთის სახალხო ბანკმა ახლახანს განუცხადა ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ მათ არ აქვთ კრიპტოვალუტის გადახდის ფორმად მიღების უფლება, რაც კრიპტო მაინინგის შეზღუდვას მოჰყვა. თუმცა არსებობს ნიშნები, რომ ტრეიდერები კვლავ აქტიურები არიან, რაც ხაზს უსვამს გამოწვევის მასშტაბებს.

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალური პირები ამ საკითხის გადაჭრის სხვადასხვა გზების შესწავლის პროცესში არიან. თუმცა ფედერალურ სააგენტოებს დრო სჭირდებათ, რომ განიხილონ სწორი მარეგულირებელი მიდგომა.

ევროკავშირში კომისიამ ასევე განიხილა ეს საკითხი. კომისია ცდილობს გაარკვიოს როგორ უნდა შეიქმნას კრიპტო აქტივების მარეგულირებელი ჩარჩო. სექტემბერში მან ტრეიდერებს საპილოტე რეჟიმი შესთავაზა საბაზრო ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც კრიპტო აქტივებით ვაჭრობას ეხება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიკლას როლანდერი და ჰანა ჰოიკალა