
ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Novavax-ი არ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა Covid-19-ის ვაქცინების შეძენასთან დაკავშირებით კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. Novavax-ის ცნობით, მსგავსი მოლაპარაკება არც გასულ თვეებში ყოფილა. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" Novavax-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
ამასთან, კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ საქართველომ შესაძლოა, ვაქცინა COVAX პლატფორმის მეშვეობით მიიღოს.
"Novavax-ი პარტნიორ Serum Institute of India-სთან ერთად, COVAX-ის მექანიზმს 1.1 მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდის. ვფიქრობთ, ვაქცინების მიწოდება დაიწყება 2021 წლის მესამე კვარტალში, რამდენადაც ვვარაუდობთ, რომ ვაქცინა მიიღებს მარეგულირებლის დამტკიცებას (იგულისხმება WHO-ს მიერ გადაუდებელი გამოყენების მოხმარებისთვის დამტკიცება).
საქართველომ, როგორც COVAX-ში ჩართულმა ქვეყანამ, შესაძლოა, ვაქცინები COVAX-ის მეშვეობით მიიღოს. ჩვენ ამჟამად საქართველოსთან პირდაპირი ურთიერთობა არ გვაქვს",- ნათქვამია "ბიზნეს ფორმულასთვის" გამოგზავნილ წერილში.
25 მაისს "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" (NCDC) ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "მიმდინარეობს მოლაპარაკება Sinovac-თან, Novavax-სთან და Moderna-სთან". ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრის Facebook გვერდზეც დაიწერა.
NCDC-ის ხელმძღვანელი გასულ თვეებშიც საუბრობდა, რომ საქართველო Novavax-თან ვაქცინების მიღებაზე პირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებდა თუმცა, როგორც გამყრელიძე, ისე მთავრობის წევრები სხვადასხვა განცხადებაში ასევე აღნიშნავდნენ, რომ Novavax-ის Covid-19-ის ვაქცინის მიღება COVAX-ის მეშვეობით განიხილებოდა.
რაც შეეხება ვადებს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 11 მაისს განაცხადა, რომ Novavax-ი საქართველოში შესაძლოა ივლისში შემოვიდეს.
Novavax-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც 89.3%-იან ეფექტიანობას აჩვენებს, არაერთი მარეგულირებლის ავტორიზაციას ელოდება. ვაქცინა ორი დოზით კეთდება და ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ Pfizer-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველოს მთავრობა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტი დოზის მისაღებად მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ვაქცინების მიღების ზუსტი დრო უცნობია.