ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 6 თვით გადავადდა. შესაბამისად, ნაცვლად დაგეგმილი 1-ლი ივლისისა, ბირჟა სრულად 2022 წლის იანვარში ამოქმედდება. მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა სახელდება.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ განუცხადა, სატესტო რეჟიმის ფარგლებში გამოიკვეთა გარკვეული ტექნიკური ხარვეზებიც. ამასთან, მისი თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ ბაზრის მონაწილეების მოსამზადებლად დამატებითი დროა საჭირო.
მიუხედავად პროცესის გადავადებისა, ირინა მილორავა მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან მისი სხვა კომპონენტები, მათ შორის თავისუფალ ბაზარზე დამატებით მსხვილი კომპანიების გასვლის პროცესი, არ გადავადებულა.
„ერთობლივი ტესტირება მოიცავს ვაჭრობას არამხოლოდ ბირჟაზე, არამედ სხვა ბაზრებზეც - ესაა ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. პროცესში გარკვეული ტექნიკური ხარვეზები იყო, თუმცა მალევე გამოსწორდა. ასევე გვინდოდა დაგვენახა, რამდენად სწორად ვაჭრობენ ბაზრის მონაწილეები და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი არამხოლოდ განათავსებენ განაცხადებს, არამედ სწორ სავაჭრო სტრატეგიასაც იყენებენ. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ დამატებით ექვსი თვე გვქონდეს სატესტო რეჟიმისთვის. არცერთი ევროპული ქვეყანა არ მახსენდება, სადაც ერთ წელში ამ პროცესის დანერგვა გარკვეული შეფერხებების გარეშე მოასწრეს“,- განაცხადა ირინა მილორავამ.
ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება რეგულირებულ ჰიდრო და თბოსადგურებს ექნებათ, ასევე იმ ჰესებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. აღნიშნულ პლატფორმაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საათობრივად ივაჭრონ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ელექტროენერგიის ღირებულება დღის განმავლობაში უფრო მაღალი, ხოლო ღამის პერიოდში დაბალი იქნება.