LIVE

ზოგიერთი ვაქცინა ქვეყნებს პანდემიიდან გამოსვლაში სხვებზე უკეთ ეხმარება

25 მაი 202123:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1349
ზოგიერთი ვაქცინა ქვეყნებს პანდემიიდან გამოსვლაში სხვებზე უკეთ ეხმარება

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში 176 ქვეყანაში მიმდინარეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გლობალურად 1.70 მილიარდამდე დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. დღეს არსებული ტემპით, ყოველდღიურად 30 მილიონამდე ადამიანი იცრება. 

ერთი შეხედვით, უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, კორონავირუსის აფეთქება აღარ უნდა მოხდეს, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მაგალითად, ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია ისრაელსა და სეიშელის კუნძულებზე, თუმცა ისრაელში შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ხოლო სეიშელზე - მოიმატა, მაშინ, როცა მას პროცენტულად ყველაზე მეტი სრულად ვაქცინირებული ჰყავს. 

ამის მიზეზი შეიძლება განსხვავებული ვაქცინების გამოყენება იყოს. 

აღმოჩნდა, რომ mRNA ვაქცინები, როგორებიცაა Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინები, ხელს უწყობენ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, რაც ვაქცინების მოულოდნელი დამატებითი სარგებელი აღმოჩნდა, რამდენადაც პირველი ვაქცინების მიზანი აცრილი პირის დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა იყო.

სხვა ვაქცინები, მართალია გვიცავს მძიმე ავადმყოფობისგან და გარდაცვალებისგან, მაგრამ მათი დამატებითი სარგებელი ასეთივე ხარისხის არ არის.

“ქვეყნები მზარდი ტენდენციით გააცნობიერებენ, რომ ზოგიერთი ვაქცინა სხვებზე უკეთესია. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ვაქცინის გამოყენება “სულ არაფერს” სჯობს, ზოგიერთმა შეიძლება მცირე დადებითი გავლენა იქონიოს  გავრცელების პრევენციის მხრივ, მაშინაც კი, თუ ის ამცირებს დაავადების გამწვავებისა და გარდაცვალების რისკს”,- ამბობს  სამხრეთ ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კოლეჯის პროფესორი, ნიკოლაი პეტროვსკი. 

ისრაელში ჩატარებული კვლევა, რომელშიც მილიონობით Pfizer/BioNTech-ით აცრილი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინამ ასიმპტომური ინფექციების პრევენცია 90%-ზე მეტით მოახდინა.

ეპიდემიოლოგ რაინა მაკინტაირის თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ვაქცინის უნარი - შეაჩეროს ასიმპტომური ინფექცია, არის განმსაზღვრელი, გამომუშავდება თუ არა “ჯოგური იმუნიტეტი”.

“ჯოგური იმუნიტეტი”, როგორც წესი, მიიღწევა მაშინ, როდესაც ვირუსი გავრცელების გასაგრძელებლად ვეღარ პოულობს დაუცველ მასპინძლებს.

ამრიგად, ის, თუ რომელი ვაქცინითაა ქვეყანა უზრუნველყოფილი, გავლენას ახდენს ყველაფერზე - დაწყებული ნიღბის ტარებითა და სოციალური დისტანციის პოლიტიკით, დამთავრებული საზღვრების გახსნითა და ეკონომიკის გამოცოცხლებით, რამდენადაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გავლენას ახდენს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. მოქალაქეებისთვის კი განსაზღვრავს, თუ რამდენად მალე დაუბრუნდებიან პრე-პანდემიურ თავისუფალ ცხოვრებას.

პირბადის გარეშე ცხოვრება 

აშშ-ში მოსახლეობის თითქმის 40% ძირითადად mRNA ვაქცინით სრულად აცრილია. ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა” სრულად აცრილ მოქალაქეებს  პირბადეებისა და სოციალური დისტანციის გარეშე შეკრების ნება დართო.  

“თუ სრულად ხართ ვაქცინირებული, შეგიძლიათ დაიწყოთ იმ საქმის კეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ. ყველა ველოდით ამ მომენტს, როცა ჩვენ  გარკვეულწილად შეგვიძლია დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალიზებას”,- თქვა CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ. 

შეზღუდვებს ხსნის ისრაელიც, რომელმაც მოსახლეობის თითქმის 60% Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით სრულად აცრა. მას ახლა დღიურად 50-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა აქვს, როცა ეს მაჩვენებელი წლის დასაწყისში 8000-ს აჭარბებდა.

ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა კატარსა და მალტაში, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის დაახლოებით 30% mRNA ვაქცინების ორი დოზით აიცრა.

მესენჯერ RNA ან mRNA ვაქცინის ტექნოლოგია სრულიად ახალია და ის პირველად ფართოდ Covid-19-ის პანდემიის დროს გამოიყენეს. ამ ტექნოლოგიის ვაქცინა ორგანიზმს გენეტიკურ კოდს სძენს, რომელიც იმუნურ სისტემას ანტიგენის გამოსამუშავებლად სჭირდება.

არსებული mRNA ვაქცინები ულტრა-ცივ მაცივრებს საჭიროებენ, რაც ქვეყნებისთვის, რომლებსაც ტრანსპორტირებისა და შენახვას შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ, მათ გამოყენებას ართულებს.  

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ქვეყნების ნაწილი ადენოვირუსის ვექტორული ვაქცინებს (როგორიცაა AstraZeneca) ან ჩინური წარმოების ვირუსის ინაქტივირებულ ფორმაზე დამყარებულ (Sinopharm და Sinovac Biotech) ვაქცინებს ირჩევენ.

ვაქცინების უფრო ტრადიციულმა ვარიანტებმა კლინიკურ კვლევებში სიმპტომური კოვიდის პროფილაქტიკაში 50%-დან 80%-მდე ეფექტიანობა აჩვენეს, მაშინ, როცა mRNA-ს შემთხვევაში ეფექტიანობა 90%-ზე მეტია.

AstraZeneca-ს განცხადებით, რეალურ გარემოში ვაქცინების ეფექტიანობის მონაცემების შედარება რთულია, რადგან სხვადასხვა დროსა, ადგილსა და პოპულაციაში მონაცემები შესაძლოა განსხვავებული იყოს. შესაძლოა, მასზე გავლენას ინფიცირების ხარისხი და შტამი ახდენდეს.

ინგლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა სიმპტომატური კოვიდ-ინფექციისგან 85%-დან 90%-მდე დაცვას უზრუნველყოფსეს უფრო მაღალია, ვიდრე კლინიკური კვლევებით დადასტურებული 66.7%, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ცნობილი, რამდენად ახდენს ის ასიმპტომატური ინფექციის პრევენციას რეალურ გარემოში.

სეიშელის კუნძულზე, სადაც მოსახლეობის 64%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია, 57%-ს ჩინური Sinopharm-ის, 43%-ს კი ინდური წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინა აქვს მიღებული. შემთხვევების რიცხვის ზრდის გამო, კუნძულებზე მოქმედი კოვიდშეზღუდვები, რომლებიც ძირითადად შეკრებებსა და სპორტულ ღონისძიებებს კრძალავს, 31 მაისამდე გახანგრძლივდა. თუმცა, ბოლო დღეებში კუნძულზე შემთხვევების რიცხვმა იკლოვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მაისში კუნძულზე ინფექციის სწრაფად გავრცელებამ ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ კითხვები გააჩინა. მიზეზებს დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები სწავლობენ და არსებობს არაერთი მოსაზრება მოვლენის ასახსნელად. 

ჩილეში, სადაც მოსახლეობის 30% ძირითადად Sinovac-ის ვაქცინით აიცრა, აპრილის შუა რიცხვებში შემთხვევების რაოდენობას თითქმის გაორმაგდა და ხელისუფლებას შეზღუდვების გამკაცრება დასჭირდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ორივე ქვეყნის შემთხვევაში, ინფიცირების ზრდაში ვაქცინის ტიპი მრავალთაგან ერთ-ერთი ფაქტორია და მთავარი საკითხი პანდემიის მართვის პოლიტიკაა. ასევე გასათვალისწინებელია ამ ქვეყნებში Covid-19-ის შემთხვევების ზრდაში ახალი, უფრო ადვილად გავრცელებული შტამების როლი.

საფრთხე, რომელსაც ახალი შტამები ქმნიან

ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების მძიმედ მიმდინარეობასა და გარდაცვალებას, რაც ვაქცინის ძირითადი მიზანია. ეს საავადმყოფოებსა და სამედიცინო რესურსზე ზეწოლას მოხსნის. მაგალითად, სეიშელის ახალი პაციენტების უმეტესობა მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს უჩივის. ეს არის მთავარი ქვეყნებისთვის, რომლებსაც mRNA ვაქცინები არ აქვთ.

რამდენად გაუმკლავდებიან ვაქცინები ახალი შტამებს, რომლებიც მსოფლიოში ვრცელდება, ჯერჯერობით კვლევის საგანია. 

კატარში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც Pfizer-BioNTech-ის ორი დოზით აცრილი 260 000 ადამიანი მონაწილეობდა, სამხრეთ აფრიკის ვარიანტით გამოწვეული ინფექციების პრევენციაში ვაქცინის 75%-მდე ეფექტიანობა აჩვენა.

საბოლოოდ შესაძლოა, ვაქცინების მწარმოებლებს Covid-19-თან ომის მოსაგებად ახალი, მოდიფიცირებული ვაქცინების წარმოება დასჭირდეთ. ზოგიერთი მათგანი უკვე მუშაობს ვაქცინების ახალ ტიპებზე.  დაწყებულია მუშაობა ვაქცინაზე, რომელიც ცხვირის სპრეის სახით იქნება ხელმისაწვდომი. ამ გზით პრეპარატი ვირუსის ორგანიზმში რესპირატორული გზით მოხვედრის პრევენციას მოახდენს.

“ჩვენ მივიღეთ სუპერ ვაქცინები, რომლებმაც მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ ვისწავლეთ და წარმოიდგინეთ, როგორი იქნება შემდეგი ვაქცინები”,- ამბობს ოკლენდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგი ჰელენ პეტუზის-ჰარისი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია