LIVE

CDC-ის განცხადების მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატაში პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულოა

14 მაი 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 551
CDC-ის განცხადების მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატაში პირბადის გამოყენება ისევ სავალდებულოა
Bloomberg

აშშ-ის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” (CDC) განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ პანდემიამდე ცხოვრების რეჟიმს. მათთვის პირბადის ტარება და 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ ამას ადგილობრივი კანონი ან კონკრეტული დაწესებულება არ მოითხოვს. 

CDC-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის კონგრესის ვაქცინირებული წევრებისა და პერსონალისთვის წარმომადგენელთა პალატის დარბაზში პირბადეების გამოყენება კვლავ სავალდებულოა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ პირბადეების ტარების შესახებ დადგენილება შარშან მას შემდეგ მიიღო, რაც ზოგიერთმა რესპუბლიკელმა პირბადის გამოყენებაზე უარი თქვა. CDC-ის განცხადების შემდეგ, მათ პელოსის ბრძანების გაუქმებისკენ მოუწოდეს, თუმცა სპიკერი შეზღუდვის მოხსნას არ აპირებს, რადგან უცნობია, პალატის რამდენი წევრი და თანამშრომელი არის სრულად ვაქცინირებული.

მოქმედი წესით, პალატის წევრებს პირბადის მოხსნა მხოლოდ სიტყვით გამოსვლის დროს შეუძლიათ. 

პალატის შენობებსა და კაპიტოლიუმის კომპლექსის სხვა ნაწილებში სრულად ვაქცინირებულებისთვის პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ერიკ ვასონი და ბილი ჰაუსი