LIVE

სეიშელზე ინფიცირების შემთხვევები კვლავ იკლებს

20 მაი 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1201
სეიშელზე ინფიცირების შემთხვევები კვლავ იკლებს

სეიშელის კუნძულებზე, მსოფლიოს ყველაზე ვაქცინირებულ სახელმწიფოში, Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები მიმდინარე კვირაში კვლავ შემცირდა. 

ქვეყანაში, სადაც 98 000 ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად ვირუსით 1 560 პირია ინფიცირებული, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 2,700-ზე მეტი იყო.

სეიშელის კუნძულებზე მოქმედი კოვიდშეზღუდვები, რომლებიც ძირითადად შეკრებებსა და სპორტულ ღონისძიებებს კრძალავს, 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისრის, ჯუდ გედეონის თქმით, აგვისტოსთვის მოსახლეობის გამაძლიერებელი დოზით აცრა იგეგმება.

Bloomberg Covid Tracker-ის მიხედვით, სეიშელის კუნძულებზე 131 546 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული. მისი მოსახლეობის 64%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია. მოსახლეობის 57%-ს ჩინური Sinopharm-ის, 43%-ს კი ინდური წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინა აქვს მიღებული. 

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მაისში კუნძულზე ინფექციის სწრაფად გავრცელებამ ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ კითხვები გააჩინა. მიზეზებს დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის ექსპერტები შემთხვევების სწრაფ მატებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. მათ შორისაა, რეგულაციების სწრაფად მოხსნა.

გავრცელებული ვერსიით, ვირუსით დაინფიცირდნენ ის პირები, ვისაც ვაქცინა მიღებული არ ჰქონდათ. ამასთან, აცრილების მაჩვენებელი შესაძლოა, არ იყო საკმარისი ჯოგური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად.

არ გამორიცხავენ, რომ ტურისტებმა ქვეყანაში კორონავირუსის ინდური, ბრაზილიური ან სამხრეთ აფრიკული შტამების გავრცელება გამოიწვიეს. შტამები პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება და ვაქცინები მათ მიმართ შედარებით ნაკლებეფექტიანია. 

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ინფიცირებისგან 100%-ით დაცვას არც ერთი ვაქცინა გვპირდება, არამედ ისინი ადამიანებს ვირუსის გამწვავებისგან და გარდაცვალებისგან იხსნიან. არსებული ინფორმაციით, მაისის თვეში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატების ფონზე, სეიშელის კუნძულებზე გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალი არ არის. ინფექციის გავრცელების დღიდან სეიშელზე Covid-19 35 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაზინი