LIVE

მთავრობა "კავკასუს ონლაინის" ახალ მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

20 მაი 202116:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1379
მთავრობა "კავკასუს ონლაინის" ახალ მფლობელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მთავრობის წევრები კომპანია Neqsol Holding-თან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საკითხი ეხება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავას. კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ორივე მხარეს საკითხის მორიგებით დასრულების იმედი აქვს.  

შეგახსენებთ, რომ Neqsol Holding-ი კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი კომპანიაა. კომპანიის წილები აზერბაიჯანული ჰოლდინგის მფლობელობაში ისე გადავიდა, რომ კომუნიკაციების კომისია კანონის შესაბამისად წინასწარ გაფრთხილებული არ ყოფილა. „კავკასუს ონლაინი“ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა, რის გამოც მისი ახალი მფლობელი Neqsol Holding-ი თვლის რომ კომპანიას კომისიის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება არ ჰქონდა.

Neqsol Holding-ი "კავკასუს ონლაინის“ მფლობელი 2019 წელს გახდა. კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა არ გაცემულა და კომისიამ, წესის დარღვევის გამო, კომპანია არაერთხელ დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, კომისიას არ წარმოუდგენია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქცია ბაზარზე. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, კომპანიას სპეციალური მმართველი დაუნიშნა. კანონს საკმაოდ ნეგატიური და კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიისგან.

ამჯერად კომპანია "კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელი Neqsol Holding-ია, კომუნიკაციების კომისია კი Neqsol-ს კომპანიის უკანონო მფლობელს უწოდებს.