LIVE

NEQSOL: არ ვთვლით, რომ "კავკასუს ონლაინს" უკანონოდ ვფლობთ

26 მარ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1748
NEQSOL: არ ვთვლით, რომ "კავკასუს ონლაინს" უკანონოდ ვფლობთ

Neqsol Holding-ი თავს "კავკასუს ონლაინის" კანონიერ მფლობელად მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენელი "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ "კავკასუს ონლაინის" 100%-ის შესყიდვამდე, Neqsol-მა სიტყვიერი თანხმობა მიიღო საქართველოს მთავრობის არაერთი წარმომადგენლისგან.

საქმე იმაშია, რომ 2019 წელს კომპანია Neqsol Holding-ი "კავკასუს ონლაინის“ მფლობელი გახდა. კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე წინასწარი თანხმობა არ გაცემულა და კომისიამ, წესის დარღვევის გამო, კომპანია არაერთხელ დააჯარიმა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. თუმცა, კომისიას არ წარმოუდგენია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ტრანზაქცია ბაზარზე. გასულ წელს, კომუნიკაციების კომისიამ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, კომპანიას სპეციალური მმართველი დაუნიშნა. კანონს საკმაოდ ნეგატიური და კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიისგან, თავად სპეციალურ მმართველს, კი სასამართლომ საქმის დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა. ამჯერად კომპანია "კავკასუს ონლაინის" 100%-ის მფლობელი Neqsol Holding-ია, კომუნიკაციების კომისია კი Neqsol-ს კომპანიის უკანონო მფლობელს უწოდებს.

Neqsol Holding-ი კომპანია "კავკასუს ონლაინის" უკანონო მფლობელად თავს იმ არგუმენტით არ მიიჩნევს, რომ ოფშორშია რეგისტრირებული, რის საფუძველზეც, კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ Neqsol-ს "კავკასუს ონლაინის" ყიდვაზე ქართული ტელეკომ ბაზრის მარეგულირებლისგან ნებართვა არ სჭირდებოდა. 

ინტერვიუ კომპანია Neqsol Holding-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელთან, თემურ თაგიევთან:


- საუბარი დავიწყოთ 2019 წლიდან - იმ პერიოდიდან როდესაც NEQSOL Holding-ი კომპანია "კავკასუს ონლაინის" 49%-ის მფლობელი გახდა, თუმცა ისე რომ კანონის შესაბამისად კომუნიკაციების კომისიისგან ნებართვა არ მიუღია. შეგიძლიათ გვითხრათ რატომ?

- ჩვენ ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია გვაქვს. ტრანზაქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელდა. ის არ მომხდარა საქართველოს იურისდიქციაში და შესაბამისად, განხორციელდა ისე როგორც ამას უცხოური სამართალი ითხოვდა. ამჯერად საქმეს საერთაშორისო არბიტრაჟი განიხილავს და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენს გარიგებას არ სჭირდებოდა კომუნიკაციების კომისიისგან ნებართვის მიღება.

- თუმცა, კომპანია საქართველოში ოპერირებს, მიუხედავად იმისა რომ ოფშორშია რეგისტრირებული. ამ შემთხვევამდე „კავკასუს ონლაინი“ იცავდა კანონს და წილების გასხვისებაზე აფრთხილებდა რეგულატორს. ტელეკომ სფერო მკაცრად რეგულირებადია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რატომ არ გაითვალისწინეს ეს დეტალი?

- დიახ, ტელეკომი რეგულირებადი სფეროა. თუმცა ტრანზაქცია საქართველოს იურისდიქციის გარეთ მოხდა. ეს არის ჩვენი პოზიცია და რადგან საქმეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.

- ჩვენი ინფორმაციით, კომპანიას გარიგებაზე სიტყვიერი თანხმობა ჰქონდა საქართველოში აღმასრულებელი პირებისგან,ასე იყო?

- დიახ, Neqsol-ის წარმომადგენლებმა და კომპანიის მაშინდელმა მფლობელებმა არაერთი შეხვედრა გამართეს მთავრობის წარმომადგენლებთან. ამიტომ, საკმაოდ გაკვირვებული დავრჩით კომუნიკაციების კომისიის ქმედებებით.

- ვინ იყვნენ მთავრობის ეს წარმომადგენლები და თუ იყო მათ შორის ბიძინა ივანიშვილი? ჩვენ ვიცით რომ მანამ, სანამ ხვიჩა მაქაცარია კომპანიის 100%-ის მფლობელი გახდებოდა, კომპანიაში წილს ფლობდა მისი ოჯახის წევრი, ამბობენ, რომ ტრანზაქციაზე მისგანაც გქონდათ ნებართვა.

- პასუხს ვერ გაგცემთ, ჩვენ მთავრობის არაერთ წარმომადგენელთან გვქონდა კომუნიკაცია.

- თუკი ამბობთ, რომ გარიგება საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელდა და მისთვის კომისიის ნებართვა არ გჭირდებოდათ, რატომ მართავდით შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან?

- ეს მიღებული პრაქტიკაა, როდესაც უცხოურ კომპანიას ქვეყანაში ოპერირება სურს. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ კომპანია რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და კომპანია, რომელიც მის ფარგლებს გარეთ არის რეგისტრირერბული. თუკი საქართველოში გვინდა ბიზნესის კეთება ბუნებრივია, ვესაუბრებით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა თუკი ტრანზაქციის განხორციელება გვსურს მის ფარგლებს გარეთ, ამისთვის კომუნიკაციების კომისიის ნებართვა არ გვჭირდება.

- რა არგუმენტები მოისმინეთ კომუნიკაციების კომისიისგან, რატომ ეწინააღმდეგება ის ამ გარიგებას? ჩვენ ვიცით რომ ეს წესი, რომელიც 5%-ზე მეტი წილის გასხვისების შემთხვევაში რეგულატორისგან ნებართვას გულისხმობს, სხვა შემთხვევაშიც დარღვეულა, თუმცა კომისია მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა.

- დიახ, ჩვენც ვიცით რომ კომისიის გვერდის ავლით არაერთი ტრანზაქცია განხორციელებულა. ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია იმაზე, თუ რატომ არის ჩვენს შემთხვევაში კომისიის პოზიცია მსგავსი. მოვისმინეთ არგუმენტები კონკურენციასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაძლოა ინტერნეტის მიწოდების პრობლემა შეექმნას, ასევე მოვისმინეთ არგუმენტი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლის დაკარგვაზე. თუმცა, როგორც ვიცით კომუნიკაციების კომისიას არ ჩაუტარებია კვლევა იმის შესასწავლად, თუ რა გავლენა ექნება ბაზარზე "კავკასუსის" გასხვისებას. ბაზრის ყველა მოთამაშემ იცის, რომ "კავკასუს ონლაინი" არ არის ერთადერთი ინტერნეტ პროვაიდერი საქართველოში.

ჩვენც სწორედ ეს არგუმენტები მოვისმინეთ კომუნიკაციების კომისიისგან. გეთანხმებით, რომ ბაზრის კვლევა არ გვინახავს, თუმცა ფაქტია რომ რაღაც შეიცვალა, რაღაც საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან თუკი მთავრობის წევრები გეთანხმებოდნენ, მოგვიანებით გარიგებაზე უარი მიიღეთ - რა შეიცვალა?

- ამ კითხვაზე პასუხის მიღება თქვენზე მეტად მე მსურს. არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, ჩვენ ფაქტები მოსაზრებებისგან უნდა განვასხვავოთ და ვარაუდებზე ვერ ვისაუბრებთ. ახლა საქმეს საარბიტრაჟო სასამართლო განიხილავს და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ...

- თქვენი აზრით, რამდენად წარმატებულად შეძლებთ საქართველოში პროექტის განხორციელებას, მაშინ როცა რეგულატორი "უკანონო მფლობელს" გიწოდებთ?

- ვართ თუ არა კომპანიის უკანონო მფლობელი, ამ კითხვას პასუხს არბიტრაჟი გასცემს. მე კვლავ დარწმუნებული ვარ ჩვენი პროექტის, ციფრული აბრეშუმის გზის, წარმატებაში და მჯერა, რომ გარკვეულ გამოსავალს ვიპოვით.

- რა ტიპის გამოსავალს?

- ჩვენ ველოდებით არბიტრაჟის და მოსამართლის გადაწყვეტილებას. შეიძლება, იყოს გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებიც. თუმცა ჯერჯერობით გამოსავალზე საუბარი ნაადრევია. პროექტის წარმატება არ არის მხოლოდ ჩვენი წარმატება, ეს არის მთლიანი რეგიონის წარმატება.

- რაც შეეხება მეორე ტრანზაქციას, იქნებ მეტი დეტალი მოგვაწოდოთ ამ საკითხზეც.

- კომპანია NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინის" 100%-ის შესაძენად $61 მილიონი გადაიხადა 2019 წელს. ჩვენ თავდაპირველად მოვითხოვეთ 49%, მოგვიანებით კი დარჩენილი წილი. ასე რომ დარჩენილი წილის გამოსყიდვა სიურპრიზი ნამდვილად არ იყო. ზაფხულში საქმის საკმაოდ მწვავე განხილვები მიდიოდა, კომისიას მიეცა უფლება, ნებისმიერ დროს დაენიშნა სპეციალური მმართველი კომპანიაში, რაც ჩვენ ფაქტობრივად კომპანიის ექსპროპრიაციად აღვიქვით. ყველა მხარე აღიარებდა, რომ კანონი რომელიც კომისიამ მიიღო ნეგატიურად იმოქმედებდა, მას კრიტიკა მოჰყვა როგორც კერძო სექტორის, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მოვითხოვეთ დარჩენილი 51%-იც. თავდაპირველად ამ მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიასაც მივმართეთ, თუმცა უარი მივიღეთ.

- თუ შეგიძლიათ მეტი დეტალი გვითხრათ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტზე. პროექტთან დაკავშირებული არგუმენტის მიხედვით, თუკი პროექტს Neqsol-ი განახორციელებს ,საქართველო დაკარგავს შესაძლებლობებს გახდეს ჰაბი, რას უპასუხებდით ამ მოსაზრებას?

- ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ვინმე ჩვენს რეგიონში ეწინააღმდეგებოდეს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტს. პროექტის მთავრი მიზანია ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირება. ამით მთლიანი რეგიონისთვის გამარტივდება ინტერნეტზე წვდომა. მსგავს პროექტებში რომელიმე ქვეყანა ვერ იქნება დომინანტი. ასე რომ, უფრო ფართო სურათს უნდა შევხედოთ და პროექტის პრიორიტეტულობაზე ვიფიქროთ. გეოგრაფიულად, საქართველო ვერ დაუკავშირდება ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გარეშე. პროექტის განხორციელებას დაახლოებით 300 მილიონი დოლარი სჭირდება. ამისთვის, თუკი "კავკასუს ონლაინის" შავი ზღვის წყალქვეშა კაბელია საჭირო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიას დამატებითი ინვესტირება სჭირდება, რადგან კაბელი, რომელსაც კომპანია ფლობს რენოვაციას საჭიროებს.