LIVE

Pfizer: საქართველო 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

20 მაი 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 21556
Pfizer: საქართველო 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

Pfizer-მა "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა, რომ საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ პასუხში. 

"ბიზნეს ფორმულასთან" მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით. ამასთან, Pfizer-ის გლობალურ მედიასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ამბობს, რომ შეთანხმების ზოგიერთი დეტალი მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც კონფიდენციალური იქნება.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო Pfizer-ის მილიონ დოზას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.

"ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. საუბარია Pfizer-ის დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, დაახლოებით ივნის-ივლისის თვეებში",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველომ მარტში Pfize-ის 29 250 დოზა COVAX პლატფორმის მეშვეობით მიიღო. 

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. 19 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ადმინისტრირებულია 97 153 აცრა. ვაქცინის ორივე დოზით კი აცრილია 15 513 ადამიანი.