LIVE

Tesla ბიტკოინით შესყიდვებს აჩერებს

13 მაი 202113:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
Tesla ბიტკოინით შესყიდვებს აჩერებს
Maja Hitij/Getty Images

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია აჩერებს შესყიდვებს ბიტკოინის გამოყენებით, რამაც ციფრული ვალუტის მყისიერი ვარდნა გამოიწვია.

13 მაისს, Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მასკმა შეშფოთება გამოხატა ბიტკოინის მოპოვებისთვის და ტრანზაქციებზე წიაღისეული საწვავის მკვეთრად მზარდი გამოყენების გამო. ამასთან ერთად, მან მინიშნება გააკეთა იმის შესახებ, რომ Tesla-მ შეიძლება სხვა კრიპტოვალუტები მიიღოს, თუ მათი წარმოება ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. მან ასევე დასძინა, რომ კომპანია არ გაყიდის მფლობელობაში არსებულ არცერთ ბიტკოინს.

ამ განცხადების შემდეგ, ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი 15%-ით დაეცა $46 000-მდე, სანამ კვლავ დაიწყებდა მატებას. დაჩქარებულმა გაყიდვებმა გათიშვები გამოიწვია ზოგიერთ ციფრული ვალუტის გაცვლის პლატფორმაზე. გასული წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი ხუთმაგად გაიზარდა.

Tesla-მ თებერვალში გაასაჯაროვა, რომ კომპანია $1,5 მილიარდი ღირებულების ბიტკოინებს ფლობს და მის გადახდის საშუალებად გამოყენებას აპირებდა. ამ განცხადებამ კრიპტოვალუტას ლეგიტიმურობა შესძინა, როგორც გადახდის და ინვესტიციის სულ უფრო მისაღებ ფორმას, განსაკუთრებით S&P 500-ის დიდი და გავლენიანი წევრისგან, რომელსაც მრავალი პარტნიორი ჰყავს, როგორც საცალო ინვესტორების, ისე ფართო საზოგადოების სახით.

Tesla-ს საიტზე, რომელსაც ბიტკოინისადმი მიძღვნილი გვერდი ჰქონდა, აღინიშნა, რომ ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტაა, რომელსაც Tesla გადახდის სახით მიიღებს აშშ-ში.

Tesla-ს მხრიდან მის ბალანსში ბიტკოინის დამატება ყველაზე ეფექტური კატალიზატორი იყო მიმდინარე წელს ციფრული ვალუტის ფასის ზრდის მიმართულებით. იმ დღეს ბიტკოინის ფასმა 16%-ით მოიმატა, რაც უდიდესი ერთდღიანი მატება იყო.

ოპტიმიზმი ძალიან გაიზარდა მას შემდეგ, რაც Mastercard-მა, Bank of New York-მა და სხვა ფირმებმა გაამარტივა კრიპტოვალუტის გამოყენება კლიენტებისთვის. ბიტკოინის ფასი გასული წლის ბოლოს დაახლოებით $29,000 იყო, ხოლო აპრილში თითქმის $65,000 გახდა.

Citigroup-ის ბოლო ანგარიშში ნათქვამია, რომ ამჟამად ბიტკოინის მაინინგი 66-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე 2015 წლის ბოლოს, რაც ამ პროცესის შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვის გამო სულ უფრო მზარდი კრიტიკის საგანი ხდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დანა ჰალი და დეივ ლიედკა