LIVE

ისრაელი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა

12 მაი 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1646
ისრაელი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა
Agency France Press/Getty Images

ცენტრალური და სამხრეთ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელმა სასტიკი იერიში განახორციელა ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორზე. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, სულ 850 რაკეტა იქნა გასროლილი. ეს 2014 წლის შემდეგ ყველაზე სერიოზული საბრძოლო მოქმედებებია.

კიდევ უფრო დიდი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად ეგვიპტე, აშშ და გაერო მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, ჯეიკ სალივანსა და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ისრაელელ კოლეგებთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა. 

სარაკეტო იერიშების სერიამ პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელში მცხოვრები არაბების საპროტესტო ტალღა გამოიწვია. დემონსტრანტები წვავდნენ მანქანებს, მაღაზიებს, თავს ესხმოდნენ სინაგოგებს. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ ლოდში, სადაც პოლიცია პროტესტის მონაწილეებს ვერ უმკლავდებოდა. თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა ლოდში დამატებითი ძალების გაგზავნის ბრძანება გასცა.

საომარი მოქმედებები ისრაელის უსაფრთხოების ძალებსა და პალესტინელებს შორის იერუსალიმში რამდენიმეკვირიანი შეტაკებების შემდეგ დაიწყო. წმინდა ქალაქი, სადაც ებრაული, მუსულმანური და ქრისტიანული სალოცავებია განლაგებული, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ცენტრში მდებარეობს და მასზე პრეტენზიებმა უკანასკნელი დაპირისპირების საფუძველი შექმნა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემი ტეიბელი