
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ავტორიზაცია კიდევ ერთმა ჩინურმა ვაქცინამ მიიღო. ორგანიზაციამ Sinovac Biotech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
WHO-ს რეკომენდაციით, ვაქცინა გამოიყენება 18+ პირებში. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა ორიდან ოთხ კვირამდე ინტერვალით უნდა გაკეთდეს.
WHO-ს მიერ საგანგებო გამოყენებისთვის ვაქცინის დამტკიცება ეროვნული მარეგულირებლებისთვის სიგნალია, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. Sinopharm-თან ერთად, Sinovac-ის ვაქცინები Covax მექანიზმის მეშვეობით გავრცელდება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებას.
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ გადაუდებელი საჭიროებისთვის ასევე დამტკიცებულია: Pfizer/BioNTech-ის, AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-სა და Moderna-ს Covid-19-ის ვაქცინები.
კლინიკური კვლევების მიხედვით, Sinovac-ის ვაქცინის ეფექტიანობა 50.7%-ია, თუმცა ინდონეზიასა და ბრაზილიაში რეალურ გარემოში მიმდინარე დაკვირვება ვაქცინის უკეთეს შედეგზე მიუთითებს.
ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinovac-ის ვაქცინა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია აღიარებული.
საქართველოში Sinovac-ის ვაქცინით 18+ მოქალაქეების აცრა 24 მაისს დაიწყო. 100 000 დოზა ვაქცინა საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან დონაციის სახით მიიღო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია