LIVE

Sinovac-ის ვაქცინამ ინდონეზიაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

12 მაი 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1139
Sinovac-ის ვაქცინამ ინდონეზიაში მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

Sinovac Biotech-ის Covid-19-ის ვაქცინამ ინდონეზიაში ჯანდაცვის მუშაკებს შორის მაღალი ეფექტიანობა აჩვენა.  

ჯაკარტაში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ 25 374 ვაქცინირებულ პირს მეორე დოზის მიღებიდან 28 დღე აკვირდებოდნენ და დაადგინეს, რომ ვაქცინა მათ გარდაცვალებისგან 100%-ით, ხოლო შვიდი დღის შემდეგ, ჰოსპიტალიზაციისგან 96%-ით იცავს.

”ჩვენ ვხედავთ ძალიან მკვეთრ ვარდნას სამედიცინო მუშაკებს შორის ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებელში”,- ამბობს ინდონეზიის ჯანდაცვის მინისტრი, ბუდი გუნადი სადიკინი.

უცნობია, კორონავირუსის რომელი შტამის მიმართ აჩვენა ვაქცინამ ეფექტიანობა. ინდონეზიას არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის შესახებ, რომ რომელიმე შტამმა ქვეყანაში აფეთქება გამოიწვია. 

ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinovac-ის ვაქცინა მსოფლიოს 22 ქვეყანაშია აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. 

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის (SAGE) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში Sinovac-ის ვაქცინის ზოგადი ეფექტიანობა 51%-დან 85%-მდე მერყეობს. 

სავარაუდოდ, ამ კვირაში გადაწყდება მიიღებს თუ არა Sinovac-ის ვაქცინა "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციას. ჩინეთის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით, საქართველომ 100 000 დოზა Sinovac-ის ვაქცინა აპრილში მიიღო.

"ევროპის წამლის სააგენტომ" (EMA) გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადა, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე უწყვეტი დაკვირვების პროცესს იწყებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბუმა შრივასტავა