Pfizer-ის დირექტორი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ შეუკვეთავთ ვაქცინები

09 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 19750
Pfizer-ის დირექტორი აცხადებს, რომ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს არ შეუკვეთავთ ვაქცინები
Zach Gibson/Bloomberg

Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს არ შეუკვეთავთ კომპანიის Covid-19 ვაქცინა. ფარმაცევტული კომპანიის ხელმძღვანელმა ღია წერილი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ვაქცინების პატენტების მოხსნას, რათა გლობალურად გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა.

„ჩვენ ყველა ქვეყანას მივმართეთ, რათა დოზების გამოსაყოფად, შესაბამისი მოთხოვნით მოემართათ ჩვენთვის”, - აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Pfizer-ის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში. „სინამდვილეში, მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა დოზების უმეტესი ნაწილი დაიბევეს. მე პირადად შეშფოთებული ვიყავი ამით და მე დავუკავშირდი საშუალო/დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ბევრ ხელმძღვანელს წერილით, ტელეფონით და ტექსტური შეტყობინებით, რომ მათ დოზების რეზერვაცია მოეთხოვათ, რადგან მიწოდება შეზღუდული იყო. ”

დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმეტესობამ, ვაქცინების შეკვეთა სხვა მწარმოებლებთან გადაწყვიტეს. მოტივი ის იყო, რომ Pfizer-ის ვაქცინაში გამოყენებული საბაზისო ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ იყო გამოცდილი, ან ხელმისაწვდომი იყო ადგილობრივად წარმოებული ვარიანტები, წერს ბურლა.

მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანას არასდროს დაუმტკიცებია ვაქცინა, რომელიც Pfizer-მა თავის გერმანელ პარტნიორთან BioNTech-თან ერთად შექმნა.

5 მაისს, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა, კეტრინ ტაიმ განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს Covid-19 ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მოხსნას.

ამ წინადადების მომხრეები აცხადებენ, რომ ასეთი მიდგომით გაიზრდება ვაქცინებზე წვდომა. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ამჟამად არ არსებობს ვაქცინების უფრო იაფი ვერსიების წარმოების შესაძლებლობა, როგორიც Pfizer-მა შექმნა.

ღია წერილში ბურლა აცხადებს, რომ Pfizer და BioNTech ვაქცინისთვის იყენებენ ფასების კატეგორიზაციის მოდელს. საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს სთავაზობენ გადაიხადონ ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ნახევარი, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებს კიდევ უფრო შეღავათიან ფასს სთავაზობენ.

მიმდინარე წლისთვის, Pfizer და BioNtech გეგმავს 3 მილიარდი დოზის მიწოდებას 116-ზე მეტი ქვეყნისთის, განაცხადა ბურლამ. ამჟამად წარმოებული 450 მილიონი დოზა, ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მიეწოდათ, რომლებიც ყველაზე მეტ თანხას იხდიან. აშშ-ში ორი დოზის ფასია 39 დოლარი.

ბურლა მოელის, რომ ამ წელს, დოზების 40%, ანუ 1 მილიარდზე მეტი, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში გადაიგზავნება. ”ჩვენ ველით, რომ მიწოდების ბალანსი მათ სასარგებლოდ გადაიხრება 2021 წლის მეორე ნახევარში და 2022 წლისთვის საკმარისი პროდუქცია გვექნება ყველასთვის. მომავალ წელს შევძლებთ 4 მილიარდი დოზის გადანაწილებას” - აღნიშნა მან.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რელი გრიფინი