LIVE

ევროკავშირი და ინდოეთი ვაჭრობის გადატვირთვას გეგმავენ, ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად

12 მაი 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 817
ევროკავშირი და ინდოეთი ვაჭრობის გადატვირთვას გეგმავენ, ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად
Dhiraj Singh/Bloomberg

ევროკავშირმა და ინდოეთმა განაახლეს დიდი ხნის წინ შეწყვეტილი მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რათა გააძლიერონ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის პირისპირ.

8 მაისს, ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალური სამიტი გამართეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად, რომლის მიზანია ურთიერთობების გადატვირთვა და თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირისა და ინდოეთის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული: ვაჭრობის გაფართოებაზე, ინვესტიციების მოცულობის ზრდაზე, გეოგრაფიული ნიშნების დაზუსტებაზე (რათა თავიდან იქნეს აცილებული ორმაგი დაბეგვრის პრობლემა), თანამშრომლობაზე ჯანდაცვის სფეროში, თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილებების საკითხებში, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ პროცედურებზე. ეს საკითხები ნახსენებია გლობალურ ჭრილში, ინდოეთის პროაქტიური პოზიციის გათვალისწინებით.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი და ინდოეთი მჭიდროდ ითანამშრომლებენ Covid-19 პანდემიის დესტრუქციული შედეგების აღმოსაფხვრელად.  

ევროკავშირის ძალისხმევა გააღრმავოს კავშირები მსოფლიოს უდიდეს დემოკრატიასთან და აზიის სხვა ქვეყნებთან, ჩინეთთან დაძაბულობისა და ევროპელი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბლოკის ბოლოდროინდელ საინვესტიციო პაქტს პეკინთან. 2020 წელს, ევროკავშირმა ინდოეთთან ვაჭრობით €96 მილიარდი მიიღო, რაც ინდოეთის ჯამური ვაჭრობის 11%-ს წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება მხოლოდ ჩინეთს (12%) და აშშ-ს (11,7%).

სავაჭრო მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ინდოეთს შორის 2013 წელს შეჩერდა, განსხვავებულ პოზიციათა გამო, როგორიცაა ტარიფების შემცირება, ინტელექტუალური საკუთრება და ევროპაში მოღვაწე ინდოელი პროფესიონალების უფლებები. ეს გარიგება შესაძლოა სასარგებლო იყოს ორი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი პანდემიის განადგურებული დარტყმის შემდეგ იწყებენ აღდგენას.

სავაჭრო მოლაპარაკებების პარალელურად, მხარეები ასევე იწყებენ მოლაპარაკებებს ინვესტიციების დაცვისა და გეოგრაფიულ ნიშნების თაობაზე ორი ცალკეული ხელშეკრულების შესახებ.

ევროპასთან მოლაპარაკებები ინდოეთისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა, რომელიც ამჟამად Covid-19 ინფექციების გამანადგურებელ ტალღაშია მოქცეული. შესაძლოა, ინდოეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰყავდეს ვირუსის შედეგად. მხარეები შეეცდებიან ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რათა ითანამშრომლონ პანდემიის დაძლევის მიმართულებით და Covid-19 ვაქცინებზე წვდომის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველსაყოფად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვიქტორია დენდრინუ და ალბერტო ნარდელი