უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატა ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.
"მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა.
ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული და ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდ-უსაფრთხოა“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.