
Samsung-ის ჯგუფის გარდაცვლილი მფლობელის, ლი კუნ-ჰის ოჯახმა სამემკვიდრეო გადასახადების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გადასახადის, 12 ტრილიონი სამხრეთ კორეული ვონის ($11 მილიარდი) გადახდის გეგმაზე ისაუბრა.
გეგმის მიხედვით, სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, ოჯახი გადასახადს ხუთი წლის განმავლობაში გადაიხდის. ამასთან, მილიარდერების ოჯახი 1 ტრილიონამდე ვონს და დაახლოებით 23 000 ხელოვნების ნიმუშს გაიღებს. თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
Samsung Electronics-ის ხელმძღვანელის ოჯახის მიმართ სამხრეთ კორეაში ინტერესი ჯერ კიდევ 2014 წელს გაიზარდა, როცა ლი კუნ-ჰის გულის შეტევა დაემართა. მისი ვაჟი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული.
ლი კუნ-ჰი გასულ წელს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას დაახლოებით 21 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონება დარჩა.
სამხრეთ კორეას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მემკვიდრეობის გადასახადი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრეობა 3 მილიარდ ვონს აღემატება, გადასახადი მის 50%-ს შეადგენს. კიდევ 20% ემატება უმსხვილესი აქციონერის საკუთრებაში არსებული აქციების გადაცემისას.
ლის ოჯახის გადასახადი სამხრეთ კორეის მიერ შარშან მიღებული ქონების გადასახადს 3-4-ჯერ აღემატება. ქვეყნის კანონმდებლობა გადასახადის ექვსად გაყოფის საშუალებას იძლევა. სწორედ ასე იხდიან 900 მილიარდი ვონის ქონების გადასახადს LG Group-ის თავმჯდომარე და მისი დები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოჯუნგ ლი და სოჰი კიმი