LIVE

ADB: წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება

28 აპრ 202110:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 946
ADB: წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ახალი ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.5%-თ გაიზრდება, COVID-19 პანდემიის შეკავების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისა და შიდა მოთხოვნის გამოცოცხლების ხარჯზე.

ამასთან, ADB საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 2022 წელს 6%-ით ვარაუდობს, რადგან ეკონომიკის სრული გახსნა და ტურიზმის მოსალოდნელი აღდგენა მოგზაურობისა და ვაჭრობის სტიმულირებას მოახდენს. 

“როგორც ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უნდა განაახლოს და 2022 წელს კიდევ უფრო დააჩქაროს.

ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია. ამავდროულად, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გამარტივება, ელექტრონული კომერციის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია საკვები პროდუქტების ექსპორტის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისა და მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა“,- განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

ADB 2021 წელს ინფლაციის 5%-მდე შენელებას ვარაუდობს, 2022 წელს კი 3.5%-მდე. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2021 წელს მშპ-ს 10%-მდე შემცირდება, 2022 წელს კი 7%-მდე, რადგან საქონლის ბალანსი და ტურიზმი ეტაპობრივად მოიმატებს.

მთავრობის მიერ სურსათის უწყვეტი მიწოდებისკენ მიმართული ღონისძიებების შედეგად, ADB 2021 წელს სოფლის მეურნეობის 3.2%, ხოლო 2022 წელს 3.9% ზრდას ელოდება. 2021 წელს ინვესტიციები დამუხრუჭდება, რადგან კერძო ინვესტიციები 7.5%-ით დაიკლებს, თუმცა ზრდაა მოსალოდნელი მომავალ წელს.  

მსოფლიოში გაჯანსაღების მძლავრი ტენდენციის ფონზე, ექსპორტი 2021 წელს 7.1%-ით გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 20.4%-ით. იმპორტი მოიმატებს ზომიერად, 2021 წელს 3.6%-ით, ხოლო 2022 წელს - 8.9%-ით.

ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობა საფერმო მეურნეობის ცოდნის, კავშირების, ფინანსებთან წვდომისა და ტექნიკური შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად. სოფლის მეურნეობის წარმოების ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ბაზარზე წვდომის გამარტივება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს კონკურენციის გაძლიერებას და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს. ADB მიუთითებს, რომ მთავრობამ უნდა განაგრძოს ინვესტიციების წახალისება საირიგაციო სისტემებში, პროდუქტიულობის გაზრდის, სოფლის მეურნეობის საექსპორტო ნაწარმის ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროკავშირისა და სხვა განვითარებული ბაზრების სტანდარტიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით.

შეგახსენებთ, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას ელის "საერთაშორისო სავალუტო ფონდიც" (IMF), რომელმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა.

საქართველოს მთავრობა კი ჯერჯერობით საკუთარი პროგნოზის გადახედვას არ აპირებს და მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას ელოდება.