LIVE

რუსეთმა საქართველო "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა

27 აპრ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 15381
რუსეთმა საქართველო "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა
ALEXANDER NEMENOV/AFP/GETTY IMAGES/GETTY

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების ჩამონათვალის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსულ ტელეარხზე ამ სიის შესახებ ისაუბრა და როგორც ცნობილი გახდა, სიაში საქართველოც მოხვდა.

საქართველოსთან ერთად, არამეგობრული სახელმწიფოების სიაში არიან აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი.

რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს

„როგორც მოგეხსენებათ, გამოქვეყნდა პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც შეიცავს უამრავ ზომას უკვე მოქმედი ფედერალური კანონების განსახორციელებლად, რომლის მიხედვითაც, ახლა ის სახელმწიფოები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად არიან გამოცხადებულნი, ვერ მიიღებენ თანამშრომლებად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მათი დიპლომატიური და საკონსულო მისიებისთვის. ახლა ჩვენ ველოდებით მთავრობის განკარგულების გამოცემას, რათა უზრუნველვყოთ შესაბამისი განკარგულების შესრულება“,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება სხვა ქვეყნების მტრული ქმედებების პასუხია.

„ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენი საგარეო პოლიტიკის აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ყველა ქმედება, რომელსაც ვაფასებთ, როგორც არამეგობრულს, მტრულს, არასდროს დარჩება უპასუხოდ“,- აღნიშნა მან.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უცხო ქვეყნების არაკეთილგანწყობილ ქმედებებზე გავლენის ზომების გამოყენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეზღუდოს და საჭიროების შემთხვევაში, აკრძალოს, რუსებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებისა და უცხო სახელმწიფოების სამთავრობო უწყებების მიერ, რომლებიც არაკეთილსინდისიერ ქმედებებს ახორციელებენ რუსეთის ფედერაციის მიმართ. სახელმწიფოს მეთაურმა დაავალა მთავრობას „განსაზღვროს არაკეთილსინდისიერი უცხო სახელმწიფოების სია, რომელთა მიმართებაშიც გამოიყენება გავლენის ზომები“.