LIVE

რუსეთის განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა დაწყებულია

23 აპრ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1436
რუსეთის განცხადებით, უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანა დაწყებულია
Associated Press

რუსეთმა განაცხადა, რომ დაიწყო ათასობით სამხედროს გამოყვანა უკრაინის საზღვართან მდებარე ტერიტორიებიდან. ამ სვლამ, შესაძლოა, შეამსუბუქოს დაძაბულობა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მწვავდებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ჯარები თავიანთ ბაზებში ბრუნდებიან. მასში არ არის მითითებული სამხედროების გაყვანის დეტალები, რომლის დასრულება დაგეგმილია 1-ელ მაისამდე. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა რუსეთის ამ განცხადებას. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, რომლებმაც არაერთხელ მოუწოდეს რუსეთს ჯარების უკან დახევის შესახებ, განაცხადეს, რომ ისინი ასეთი განვითარების დადასტურებას ელოდნენ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ 100,000-ზე მეტი ჯარისკაცის, ასევე ტანკების, სამხედრო თვითმფრინავებისა და სამხედრო გემების განთავსებამ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ადგილებში, წარმოქმნა საშიშროება, რომ კრემლი აპირებდა მორიგ შეტევას მეზობელ ქვეყანაზე. კვირების განმავლობაში, მოსკოვი უარყოფდა კიევისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან დეესკალაციის მოთხოვნებს, რამაც უდიდესი დაძაბულობა გამოიწვია. ამასთან, აცხადებდა, რომ ჯარები მანევრებისთვის იმყოფებოდნენ.

რუსეთმა განაცხადა, რომ საზღვრის მახლობლად დატოვებს მანევრებში მონაწილე ერთ-ერთი დანაყოფის ტექნიკას, მათ შორის ტანკებს, შემოდგომაზე დაგეგმილი საწვრთნელი ოპერაციებისთვის.

NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი იქნება დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, თუმცა დასძინა, რომ ალიანსი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას.

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარის გაყვანა სწორი მიმართულებით სვლაა, გუშინდელმა განცხადებამ არაფერი შეცვალა იმ მიზეზების ანალიზის საჭიროებაზე, რომლებიც ამ ძალიან დაძაბულ ვითარებას იწვევს და საჭიროა დეესკალაციის ზომები განვსაზღვროთ სამომავლოდ”,- განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ.

”დავაკვირდებით რუსეთის მხრიდან მოვლენების განვითარებას”,- განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა.

კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინს დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა და წლის ბოლოს სამიტის გამართვის პერსპექტივა შესთავაზა.

”მოსკოვს მიაჩნია, რომ მან თავისი გზავნილი გააგებინა დასავლეთის ქვეყნებს. მოხდა გარკვეული დეესკალაცია და ახლა დაპირისპირებამ პოლიტიკურ და დიპლომატიურ სფეროებში გადაინაცვლა”,- განაცხადა ფიოდორ ლუკიანოვმა, საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელმა, რომელიც აგრეთვე კრემლის მრჩეველია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილია არხიპოვი