LIVE

FDA-მ ბალტიმორში J&J-ის ვაქცინის წარმოება შეაჩერა

21 აპრ 202115:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 737
FDA-მ ბალტიმორში J&J-ის ვაქცინის წარმოება შეაჩერა
Tasos Katopodis/Getty Images

აშშ-ის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ (FDA) ბალტიმორში Emergent BioSolutions-ის საწარმოში, სადაც 15 მილიონი დოზა ვაქცინის სამყოფი ინგრედიენტები გაფუჭდა, Johnson & Johnson-ის ვაქცინის წარმოება შეაჩერა. 

აშშ-ის “სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ” ბალტიმორში ქარხნის შემოწმება 12 აპრილს დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ, FDA-მ კომპანიას საწარმოში ახალი მასალების დამზადების შეწყვეტა და არსებულის დროებით შენახვა სთხოვა, იქამდე, სანამ ქარხნის შემოწმება დასრულდება და ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქარხანაში აცხადებენ, რომ ისინი FDA-ს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, თუმცა სტანდარტის გაუმჯობესებას არ გამორიცხავენ.

”ჩვენ ვაღიარებთ, რომ გაუმჯობესება შესაძლებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ საკუთარი თავისთვის დადგენილი მაღალი სტანდარტი და აღვადგინოთ ნდობა ჩვენი ხარისხის სისტემებისა და წარმოების პროცესისადმი”,- ნათქვამია Emergent-ის განცხადებაში.

FDA-ს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აცრასა და თრომბის განვითარების შესაძლო კავშირის შესწავლამდე, აშშ-ში J&J-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერება. საწარმოში ვაქცინების წარმოების გაჩერებამ გააჩინა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიიღებენ ამერიკელები ვაქცინას, თუნდაც ის მარეგულირებელმა უსაფრთხოდ მიიჩნიოს. 

J&J-ის ერთდოზიან ვაქცინას ამერიკაში ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი გამოყენების შეჩერების საკითხი დადგა, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აცრის ჩასატარებლად Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს ორდოზიანი ვაქცინები საკმარისი იქნებოდა.

Bloomberg's Vaccine Tracker-ის თანახმად, 16 წელზე უფროსი ამერიკელების მეოთხედი სრულადაა აცრილი.

გასულ თვეში, ბალტიმორში Emergent BioSolutions-ის საწარმოში, სადაც Jonson&Jonson-ისა და AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების წარმოება ხდება, პერსონალმა Jonson&Jonson-ის ვაქცინის 15 მილიონ დოზაში AstraZeneca-ს ინგრედიენტები გაურია. შეცდომა J&J-ის ვაქცინის ხარისხის კონტროლის დროს დაფიქსირდა. ამ შეცდომის გამო, ვაქცინის პარტია სრულად განადგურდა და არც ერთი დოზა ქარხნის გარეთ არ გასულა. ამის შემდეგ, Jonson&Jonson-მა ზედამხედველობისა და პერსონალის რიცხვის გაზრდაზე პასუხისმგებლობა აიღო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაილი გრიფინი