შესაძლოა, რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს

21 აპრ 202111:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 19632
შესაძლოა, რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს

პანდემია შესაძლოა, რამდენიმე თვეში კონტროლს დაექვემდებაროს. ამის შესახებ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მედიაბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დავუქვემდებაროთ, თუ ჩვენ მათ თანმიმდევრულად და თანაბრად გამოვიყენებთ”,- აღნიშნა გებრეისუსმა. 

გებრეისუსმა ვაქცინების თანაბრად განაწილების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ ის mRNA ვაქცინების წარმოების გასაზრდელად თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული ჰაბის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა ვაქცინებმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებამდე მიაღწიოს.

“ჩვენ მოვუწოდებთ mRNA ვაქცინების მწარმოებლებს, ჰაბში შემოვიდნენ საკუთარი ტექნოლოგიითა და გამოგონებებით, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მწარმოებლებს მოვუწოდებთ დაინტერესდნენ ამ ტექნოლოგიის მიღებით. ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენელ ინოვაციურ მიდგომებს მეცნიერებაში. ახლა ჩვენ გვჭირდება ინოვაცია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ მიღწევებით”,- განაცხადა მან.

WHO-ს დირექტორის თქმით, პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ გარემოზე ზრუნვა, რადგან პანდემია დასრულდება, მაგრამ ადგილზე დარჩება სხვა გამოწვევები, მათ შორის კლიმატის კრიზისი. 

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. გებრეისუსის თქმით, ეს დღე გვახსენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმ პლანეტის ჯანმრთელობაზე, რომელზეც ვცხოვრობთ. 

COVID-19-მა 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჰაერის დაბინძურება კი ყოველწლიურად ორჯერ მეტს, 7 მილიონ ადამიანს, კლავს.