
Amazon-ის ვიდეო თამაშების განყოფილებამ ონლაინ-როლური თამაში, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის სერიაზე, Lord of the Rings-ზე იყო დაფუძნებული, გააუქმა. თამაშის შექმნაზე კომპანიამ პირველად 2019 წელს განაცხადა.
როგორც ცნობილია, თამაშის გაუქმების მიზეზი Amazon-სა და Tencent-ს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებებია. Tencent-მა ჩინური Leyou Technologies, რომელიც თამაშს Amazon-თან ერთად ქმნიდა, დეკემბერში შეისყიდა.
"ბეჭდების მბრძანებელის" თამაშის გაუქმება Amazon Game Studios-სთან დაკავშირებით გავრცელებულ ნეგატიურ ცნობებს მოჰყვა. კომპანიას 2014 წლის შემდეგ წარმატებული ვიდეო თამაში არ გამოუშვია. მან ასევე გააუქმა წინა გამოცხადებული თამაშები Breakaway და Crucible. მისი კიდევ ერთი თამაშის, New World-ის გამოსვლა კი, არაერთხელ გადაიდო.
Amazon პოპულარულ სტრიმინგის სერვისს Twitch-ს ფლობს, თუმცა მისი ვიდეო თამაშების განყოფილება წლების განმავლობაში წარუმატებელია, რადგან არასათანადო მენეჯმენტმა დეველოპერებსა და კომპანიის პრინციპებს შორის უთანხმოება გამოიწვია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ შრეიერი