LIVE

კომუნიკაციების კომისია "კავკასუს ონლაინში" ახალ მმართველს დანიშნავს

14 აპრ 202115:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 791
კომუნიკაციების კომისია "კავკასუს ონლაინში" ახალ მმართველს დანიშნავს

კომპანია "კავკასუს ონლაინში" კომუნიკაციების კომისიის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი იცვლება. საკითხზე კომუნიკაციების კომისია, სავარუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ ჩაანაცვლებს მარიამ სულაბერიძეს. სულაბერიძის შეცვლა, სავარაუდოდ სახელმწიფოს დაფუძნებულ ა(ა)იპ Open Net-ში მის საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, სულაბერიძე Open Net-ში ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს და სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელებაზე.

მარიამ სულაბერიძე კომპანია "კავკასუს ონლაინის" მმართველად გასულ წელს დაინიშნა, მას შემდეგ რაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეც.მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა.

"კავკასუს ონლაინის" სპეციალურ მმართველს კომპანიის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაზე უნდა ემუშავა, თუმცა როგორც ცნობილია, მას შემდეგ რაც კანონში ცვლილებები შევიდა, Neqsol Holding-ი კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. ტრანზაქცია კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც კომუნიკაციების კომისია აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ნასიბ ჰასანოვს "კომპანიის უკანონო მფლობელს“ უწოდებს.

კომპანია "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მმართველის დანიშვნას კრიტიკული შეფასება მოჰყვა ვენეციის კომისიის მხრიდან. კომპანიაში მმართველის უფლებამოსილება დროებით შეაჩერა სასამართლომაც, თუმცა გასულ კვირას სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და მას უფლებამოსილება აღუდგინა.