
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეები დროებით ლეგალურ დასაქმებას 1 წლით, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე შეძლებენ.
„ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1 000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“,- განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.
ელჩის თქმით, ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ იმ საკვალიფიკაციო და პროფესიონალურ მომზადებას, რომელსაც აღნიშნული სპეციალისტები საქართველოში გადიან.