LIVE

საქართველოს მთავრობის მილიონიანი გრანტით არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ დაინტერესდა

09 აპრ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1355
საქართველოს მთავრობის მილიონიანი გრანტით არც ერთი უცხოელი ინვესტორი არ დაინტერესდა

ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, სახელმწიფო პროგრამით, რომელსაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაეზარდა, არავინ დაინტერესებულა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, "FDI გრანტს“ ბენეფიციარები ამ დრომდე არ ჰყავს.

"FDI გრანტი“ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა და პროექტის ფარგლებში, უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში 10 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადებისა და 150 ადამიანის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ, 1 მილიონ ლარიან გრანტს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აცხადებდა, რომ „ეს კიდევ ერთი დამატებითი ფინანსური მექანიზმია, რითიც ინვესტორებს დავარწმუნებთ, რომ საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ბაზარია რეგიონში".

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008-2009 წლებში, როცა რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კლება ასევე მკვეთრი იყო.