LIVE

საქართველოში შემოსული ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა

11 მარ 202111:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 889

წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

ინვესტიციების ასეთი დაბალი მაჩვენებელი ქვეყანას 2005 წლის შემდეგ არ ჰქონია, მათ შორის არც 2008-2009 წლებში, როცა რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო, კლება ასევე მკვეთრი იყო.

საქსტატი შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9% შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 48.4% იყო.

ყველაზე მეტი ინვესტიცია 2020 წელს საფინანსო სექტორმა მიიღო - 400,3 მლნ დოლარი (მთლიანი FDI-ს 64.9%), მეორე ადგილზეა სამთომოპოვებითი მრეწველობა 101,5 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, 71.8 მლნ დოლარით. სამივე სექტორის ჯამური წილი მთლიან ინვესტიციებში 93%-ია.