LIVE

ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობის ელექტროენერგიითა და გაზით უზრუნველყოფის აკრძალვა გადავადდა

08 აპრ 202116:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 622

რეგულაცია, რომელიც შენობა-ნაგებობებში ექსპლუატაციაში მიღებამდე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებას კრძალავს, 2022 წლამდე გადავადდა. თუმცა კერძო სექტორს სამშენებლო ამნისტიის პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები მაინც რჩება.

დეველოპერულ კომპანიებში ამბობენ, რომ ახალმა რეგულაციამ შესაძლოა, მშენებლობების პროცესი დროში გააჭიანუროს და გააძვიროს. ასევე კერძო სექტორი მერიისგან ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარებას ითხოვს. უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ექსპლუატაციის ნებართვა დაჩქარებული წესით უნდა გაიცემოდეს.

„თუ პასუხისმგებლობა იზრდება ბიზნესის მხარეს, მერიამაც უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და პროცესები დააჩქაროს. აუცილებელია, რომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლის ვადები დაჩქარდეს, რათა არ შეფერხდეს პროცესები. ახალი რეგულაციით, მომხმარებლები შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე რემონტის დაწყებას ვერ შეძლებენ, ასევე ვერც საცხოვრებლად გადავლენ და ბუნებრივია, უკვე ყველას ინტერესი ხდება, რომ რაც შეიძლება დროულად შევიდეს ექსპლუატაციაში შენობა“,- განაცხადა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

სამშენებლო ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორის, შენობების ექსპლუატაციაში მიღებამდე ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება იკრძალება. აღნიშნული რეგულაცია იმ შენობებზე გავრცელდება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლის 1 იანვრიდან გაიცემა.